თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება. საინვესტიციო კომპანიის ანალიტიკოსები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა.
თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსების აზრით, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. რაც შეეხება 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. ამდენად, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საბაზო სცენარში, დაახლოებით, 4.5%-ს შეადგენს.
თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის კურსის კუთხით, 2025 წელს გამყარების მიმართულებით სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: დოლარის გლობალური სისუსტე, გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებები და ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რაც დეპოზიტების ლარიზაციისა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში აისახა. ლარის მხარდამჭერი გარემოს ფონზე, სებმა გასულ წელს, ჩვენი შეფასებით, $2.5 მილიარდი შეიძინა. შედეგად, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა $6.2 მილიარდი შეადგინა, ხოლო წმინდა რეზერვებმა, ასევე ჩვენი შეფასებით - $3.2 მილიარდი.
ამასთან, თიბისი კაპიტალის წონასწორობის მოდელების თანახმად, 2025 წელს ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული, რაც, ცალკე აღებული, ლარის გამყარების არგუმენტია. თუმცა საყურადღებოა, რომ ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სების მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდება.
ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.













