ეკონომისტი სოსო არჩვაძე სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების სტატისტიკას აფასებს და სოციალურ ქველში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ამ დღეეებში კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ფაშიზმის დამარცხების 80 წლისთავს აღნიშნავს და შესაბამისად, სამხედრო ტერმინოლოგიას რომ დავესესხოთ, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ფაქტობრივად ყველა მიმართულებით სტრატეგიულ წინსვლას და პოზიციების გამყარებას აფიქსირებს: იქნება ეს სამამულო პროდუქტის მატება (რომლის ტემპი თითქმის 2.5-ჯერ უსწრებს მიმდინარე წლისთვის გლობალური ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მონაცემებს), თუ საქართველოს მზარდი ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში, ტურისტული ინდუსტრიისა და საზღვარგარეთიდან ფულადი ტრანზაქციების ზრდა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მატება...

ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი თვის მანძილზე - 2025 წლის აპრილში - 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს არაა უბრალოდ მხოლოდ სტატისტიკური შინაარსის ინფორმაცია, რამეთუ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეროვნული ვალუტის მდგრადობის, სიმყარის მნიშვნელოვანი გარანტორია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის სტრატეგიული თვითმიზანი კი არ არის, არამედ სწორედ ზემოხსენებულ მიზნებს ემსახურება და მიმართულია მის ხელთ არსებული აქტივების დივერსიფიკაციისა და ეფექტიანი მართვისათვის. მას „უსაფრთხოების ბალიშის“ დატვირთვაც აქვს და უზრუნველყოფს მაკროეკონომიკური ნეგატიური პროცესებისაგან ეროვნული მეურნეობის, ბიზნესისა და მთელი საზოგადოების დაცვას ვალუტის მდგრადობისა და ფასების სტაბილიზაციის უზრუნველყოფით.

საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ ტრენდს ადასტურებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო სააგენტოებიც. მათ ასევე ცალსახა პოზიტიური ხედვები გააჩნიათ საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, რის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას ზრდის ინდიკატორებით მსოფლიო ლიდერ-ქვეყნებს შორის მოიაზრებენ. ასეთ ფონზე, ყურს ჭრის ზოგიერთი ეკონომისტის ულტრაპესიმისტური განცხადებები საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის, სავალუტო რეზერვების შემცირებისა და ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის რყევაზე... მათ შორის, სამწუხაროდ, „გამოირჩევიან“ წინა ხელისუფლების დროინდელი პრემიერი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, რომლებმაც თავიანთი პროფესიული ავტორიტეტი და ობიექტურობა მთლიანად შესწირეს პოლიტიკურ ბრძოლას...“, - წერს არჩვაძე.