სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.