„საქართველოს ვირტუალური ეკონომიკური ზრდა გრძელდება - მშპ-ის მონაცემებში ფუნდამენტურად არასწორი, ანომალიური და სახიფათო ხდება“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი მაისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
„საქართველოს ვირტუალური ეკონომიკური ზრდა გრძელდება. რთული პერიოდი გვიდგას საქართველოში. ყველანი ვნერვიულობთ. ძალიან ბევრი რამე არ მოგვწონს და ხანდახან ფრუსტრაცია გვემართება. რაღაც მომენტში, საკუთარ თავს ვეკითხებით, თუ ასეთი საქართველო არ მოგვწონს, როგორი გვინდა რომ გახდეს ის?
ბევრი, სამართლიანად საუბრობს, რომ მთავარია კანონის უზენაესობა დამყარდეს და მმართველობის სისტემა გახდეს დემოკრატიული.
ეკონომისტის (და არა მხოლოდ) პერსპექტივიდან, დამატებით, სასურველია, რომ განათლებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა გვქონდეს - მგონი, ამაზეც, წესით არავინ არ უნდა დაობდეს.
ასევე, ინტუიციურად, არავინ (თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერი) არ დავობს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში განათლების დონე დაბალია და ტექნოლოგიურადაც, წესით, ჯერ ვერ შევედრებით განვითარებულ ქვეყნებს (როგორიცაა, მაგ. აშშ, სინგაპური, ესტონეთი, ფინეთი და ასე შემდეგ).
კარგი, მაშინ, ეს უნდა გახდეს ჩვენი განვითარების ხედვა/მიზანი და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი.
მაშინ, შემდეგი კითხვაა, როგორ შევაფასოთ, ახლა სად ვართ ამ მიმართულებით, რომ შემდეგ სწორი მიზნები დავისახოთ?
წესით, უნდა შეხედო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (GDP-ში) განათლების და ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სფეროების წილებს და მიხვდები, სად ხარ და რამდენი გაქვს „ამოსაქაჩი“, რომ მოწინავე ქვეყნებს დაეწიო.
ანუ, თუ განათლებას დიდი წილი უკავია შენს ეკონომიკაში, ესე იგი ე.წ. ცოდნის ეკონომიკა მყარად არის შენი ეკონომიკის ნაწილი; პლუს, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) წილი არის მაღალი, ესე იგი ამ მხრივაც, ქვეყანა ციფრული ტრანსფორმაციის რთულ პროცესს წარმატებით ართმევს თავს.
ვიფიქრე, მოდი, ჯერ, შევხედოთ მსოფლიო ოცეულს (ჩატ ჯიპიტის ვთხოვე დაეჯამებინა ეს ორი ცვლადი GDP-ში და შესაბამისი რეიტინგი მოემზადებინა). რა თქმა უნდა, მიუხედავად ე.წ. deep research-ისა, ბოლომდე სანდო ვერ იქნება მონაცემები და შესაძლოა, ხარვეზებს შეიცავდეს. მაგრამ რა, წესით, ზოგადი სურათი სწორად უნდა დაგანახოს. (ამავე დროს, უნდა აღვნიშნო, რომ მონაცემები, ძირითადად 2021-2023 წლების ამოიღო ჩატჯიპიტიმ, რაც სწორია, რადგან იმისათვის რომ ზუსტი მონაცემები დაიდოს ე.წ. ეროვნული ანგარიშების ინფორმაცია უნდა დაჯამდეს, რასაც საკმაო დრო სჭირდება და ამიტომ, როგორც წესი, დაგვიანებით ქვეყნდება.)
პირველია ათეულია შემდეგი გამოვიდა: ირლანდია, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, მალტა, ისრაელი, აშშ, ფინეთი, შვედეთი, დანია და ლატვია.
ირლანდია აშკარა გამონაკლისია 38,8%-ით; მეორე ადგილზე კვიპროსია 16,6%-ით; მესამე მყოფ სამხრეთ კორეას 15,5% აქვს წილი gdp-ში, ხოლო მაგ. მე-10 არის ლატვია - 11,5%-ით.
ოცეულსაც რომ შეხედო მაგ. ესტონეთი გვხვდება მე-12 ადგილზე (11%), სინგაპური მე-14 ადგილზე (10%), ნორვეგია მე-17 ადგილზე (9,7%) და შვეიცარია მე-20 ადგილზე (9,3%).
მოკლედ, ღირსეული სიაა და ამ რეიტინგის შემხედვარე, ინტუიციურად ხვდები, რომ ის კარგად გადმოსცემს ქვეყნის განვითარებულობის ხარისხს. და ვიფიქრე, რა მაგარი იქნება, ოდესმე თუ ამ სიაში მოვხვდებით-თქო.
ახლა, საქართველოს დავუბრუნდეთ. სად არის საქართველო 2025 წლის მდგომარეობით?
სადღაც 10 დღის წინ ჯეოსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2025 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ (ამ ფაილში ბევრი საინტერესო დეტალია, რომელზეც მომავალში შეიძლება ყურადღების გამახვილება).
ახლა, ამ თემას დავუბრუნდეთ და შევხედოთ, პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა სად იქნებოდა ამ რეიტინგში, ახლოს ვიქნებოდით 20-თან? რამდენი იქნებოდა თუნდაც მე-20 ადგილზე მყოფ შვეიცარიასთან ჩამორჩენა?
რა შედეგებს ვიღებთ?
საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში, 2025 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, განათლების (7,2%) და ინფორმაცია და კომუნიკაციების (9,5%) ერთობლივი წილი 16,7%-ს შეადგენს!
ანუ, თუ ამ რეიტინგს შევედრებით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გამოვდივართ ირლანდიის შემდეგ GDP-ში განათლებისა და ICT ერთობლივი წილის მიხედვით!
(იმ დათქმით, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ეს წილები მნიშვნელოვნად არ შეიცვალა უკანასკნელ 2 წელიწადში)
ანუ, გამოდის, რომ უკვე იქ ვყოფილვართ, სადაც მინდოდა რომ ოდესმე ახლო მომავალში აღმოვჩენილიყავით.
თუ ეს მართლა ხდება, მაშინ, ბოლო 5 წელიწადში მსოფლიოში სტრუქტურის (და ციფრული) ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქეისის მოწმეები ვართ საქართველოში, რადგან:
- 2019 წელს ეს მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით იყო 7,4% (ინფორმაცია და კომუნიკაცია 3% და განათლება - 4,4%);
- 2022 წელს, ეს მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკით იყო 9,4% (ინფორმაცია და კომუნიკაცია - 5% და განათლება - 4,4%);
- 2024-ში - 12,1% (ინფორმაცია და კომუნიკაცია - 6,4% და განათლება - 5,7%);
- წელს, კი, საერთოდ, აბსოლუტური ბუმი უნდა გვქონდეს განათლებისა და ICT-ში, რადგან, მაჩვენებელმა 16,7%-ს მიაღწია (ინფორმაცია და კომუნიკაცია - 9,5% და განათლება - 7,2%).
მინდა, ეს სურათი ფუნდამენტურ ფაქტორებს ეფუძნებოდეს, სანდო და მდგრადი იყოს, მაგრამ, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, ერთადერთი დასკვნა, რისი გამოტანაც შემიძლია, არის, რომ GDP-ის მონაცემები ფუნდამენტურად არასწორი, ანომალიური და სახიფათო ხდება; და თუ გინდა საქართველოს რეალური ეკონომიკა შეაფასო და შესაბამისი დასკვნები გააკეთო, GDP-ის მონაცემების გამოყენებამ და მერე მასზე საუბარმა, მგონი, უკვე საბოლოოდ დაკარგა აზრი. (წარმოიდგინეთ, ქართული ოცნებაც კი არ ლაპარაკობს ამ მიღწევებზე, მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საერთო ტემპის ხსენებით შემოიფარგლება)
რაც შეეხება საქართველოს ნათელ მომავალს, მგონია, რომ მიზნები იგივე უნდა დარჩეს, უბრალოდ, გასაზომი ინდიკატორები გვექნება თავიდან მოსაფიქრებელი“, - წერს სოციალურ ქსელში გოგა ხიშტოვანი.