შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება.

„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, თუ როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია.

მსოფლიოს არა ნაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა - მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.

ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა.

შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღეს, მსოფლიოს კომერციული მარშრუტები არა საბაზრო ეკონომიკის უხილავი ხელით, არამედ გეოპოლიტიკის ძალიან მკაფიო მუშტით იცვლება.

„გავიაზროთ, რა დაემართა გლობალურ ვაჭრობას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდნენ საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო; მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა; ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში.

აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო. ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.

ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა,“- აღნიშნა პრემიერმა.