ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.

მისივე თქმით, ეს წარმატება ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

„ძალიან წარმატებული ქვეყანა ვართ ეკონომიკური განვითარებით, არამხოლოდ ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში. ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში. ასევე, სწორად თუ იქნება შეფასებული ეკონომიკური წარმატება, ეს არის ზუსტად ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ეს არის იმის შედეგი, რომ კორუფციის დონე ყველაზე დაბალია ჩვენთან რეგიონის მასშტაბით და ამ მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს.

თუ სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები და მიღწევები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რასაც ვაკეთებთ, ენთუზიაზმი უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ბუნებრივად ვეკუთვნით ევროპას, ვცდილობთ მაქსიმუმს, რომ წინ წავიწიოთ, განვავითაროთ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის, მმართველობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, სწორედ ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. არსებობს გარკვეული სირთულეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პოლიტიკური გარემოებების შეცვლის საფუძველზე მოხდება ინტეგრაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შუა დერეფნის როლი შთამბეჭდავად იზრდება.

„ისტორიულად საქართველო აკავშირებდა აზიას ევროპასთან, აღმოსავლეთს, დასავლეთთან, დასავლეთს, აღმოსავლეთთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და უკვე წარმატებულნი ვართ საკმაოდ. ვიყენებთ სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომ გავაძლიეროთ დაკავშირებადობის შესაძლებლობა ტრანზიტის კუთხით და ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვაშენებთ ავტომაგისტრალებს. 2030 წლისთვის ყველა სეგმენტის მშენებლობა იქნება დასრულებული, ვითარდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხდება რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.

ჩვენ ავაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე, ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ეს არის ერთ-ერთი ადგილი საქართველოში. ყველა ეს მიმართულება და ინიციატივა ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ არსებითად მოვახდენთ ქვეყნის ტრანსფორმაციას, რომ გაძლიერდეს დაკავშირებადობის შესაძლებლობა და უნარი. ეს ჩვენ ოპტიმისტურად განგვაწყობს, რომ ქვეყანა მიაღწევს განვითარების არსებითად ახალ დონეს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან.

„ყველაზე მეტი შეთანხმება ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგიონში ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთან. ეს განსაკუთრებულ უნარს გვაძლევს, რომ ეკონომიკურად ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან და ეს ქვეყნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და კორუფციის დაბალი დონით. ეს ყველაფერი არის ის სარგებელი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სვეტი იყოს ამ დერეფანში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები და წარმადობა გაიზარდოს ამ მიმართულებით და ქვეყნის განვითარება მოხდეს ამის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.