ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საერთაშორისო რეზერვების შევსების აუცილებლობა, რაც კვლავაც დარჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად - ამის შესახებ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საერთაშორისო რეზერვების შევსების აუცილებლობა, ეს ამოცანა არის და კვლავაც დარჩება ჩვენს მთავარ ამოცანად, რათა გავზარდოთ ადეკვატურობის დონე.

"ბოლო დროს შექმნილმა ხელსაყრელმა პირობებმა, კერძოდ, ძლიერმა სავალუტო შემოდინებებმა, სებ-ს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი ოდენობით დაებალანსებინა უცხოური ვალუტის გაყიდვები, რისი განხორციელებაც ჩვენ შარშან შემოდგომაზე მოგვიხდა. დღეის მონაცემებით, ჩვენ შარშან შემოდგომაზე გაყიდული თანხების ოდენობას ბევრად ვაჭარბებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის განეიტრალებას.

„იმისთვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა რისკის განეიტრალებას. ერთ-ერთი ასეთი რისკი არის ე.წ. არაჰეჯირებული სესხები. იმისთვის, რომ სავალუტო ბაზარზე რყევების რისკი და ჩვენს მოსახლეობაზე, საფინანსო ბაზარზე მისი ზემოქმედება შევამციროთ, ვაგრძელებთ თანმიმდევრულ ლარიზაციის პოლიტიკას,"-აცხადებს ნათია თურნავა.

მისი ინფორმაციით, საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც იმედს აჩენს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლობების პირობებში, ქვეყნის საფინანსო სისტემა სხვადასხვა რისკს კვლავაც გაუმკლავდება.