გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ საირიგაციო პროექტებს გაეცნო.

მინისტრმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 165 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია.

„ირიგაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობის განვითარების. ფაქტობრივად, შეუძლებელია ირიგაციის სისტემების გარეშე გამართული, მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის წარმოება. ამისთვის მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ კახეთში, 135 მლნ ლარის ინვესტიცია არის განხორციელებული. უმნიშვნელოვანესია ახალი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ, ეს არის 150 მლნ ევროს ღირებულების პროექტი, რომლითაც სისტემის საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება რეაბილიტირებული, განახლებული და რაც, თავისთავად ცხადია, სოფლის მეურნეობის განვითარებას და მაღალპროდუქტიულობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მელიორაციის მიმართულებით ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განახლება შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაიზარდოს პროდუქტიულობა, რაც, თავის მხრივ, პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერას.