"ჩვენ მივდივართ იმ ეტაპისკენ, რომ თანდათანობით ქვეყნის ეკონომიკა პროფიციტული გახდეს" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდება საქონლის და მომსახურების ექსპორტი. განსაკუთრებით კი, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

"სარეკორდო დონეზეა ექსპორტის მაჩვენებელი და არც ერთ თვეში არ ყოფილა ასეთი მაღალი მაჩვენებელი. თითქმის გაორმაგდა კვარტალური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც პოზიტიური სიგნალი იყო. ჩვენ მივდივართ იმ ეტაპისკენ, რომ თანდათანობით ქვეყანის ეკონომიკა  პროფიციტული გახდეს. აღნიშნულს რამდენიმე წელი სჭირდება და შესაძლოა ამის შესანიშნავი დრო 2030 წელი იყოს. პროფიციტული ეკონომიკა გულისხმობს იმას, როცა საქონლის და მომსახურების ექსპორტი საქონლის და მომსახურების იმპორტს გადააჭარბებს და ჩვენ გვექნება წმინდა ექსპორტი დადებითი ნიშნით. 

გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე იზრდება ინვესტიციების მოცულობაც. ვფიქრობთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიური მაჩვენებელი 2 მლრდ დოლარამდე იქნება. მთლიანი ინვესტიციები ამომავალი წერტილია - როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური, რაც ბუნებრივია ნაყოფიერ ნიადაგს შექმნის იმისთვის, რომ ქვეყანა ფუნდამენტურად განვითარდეს", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

მანვე აღნიშნა, რომ მომავალში, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობების ზრდა ენერგეტიკის მიმართულებით არის მოსალოდნელი.

"მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც გააძლიერებს ინვესტიციების მაჩვენებელს როგორც სამშენებლო, ისე სხვა მიმართულებით. ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზღვავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშა უნდა იყოს შემდგომ წლებში. ველოდებით ამ მიმართულებით ინვესტიციების გაზრდას. საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ენერგორესურსებისა თუ მოპოვების თვალსაზრისით. ეს ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.