ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე "თიბისიმ" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ინფორმაციას "თიბისი" ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯილდო "თიბისის" ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის - API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებისთვის გადაეცა.

"გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, "თიბისი" ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების,
გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.
განახლებული პლატფორმა "თიბისის" 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - "თიბისის" წარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას "თიბისის" ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.
Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს "თიბისის" ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას- როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების
მიმართულებით",-აღნიშნულია ინფორმაციაში.