"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის, "საქართველოს ბანკმა" კომაროვის სკოლასთან ერთად ახალი პროექტი - STEM ოლიმპიადა დაიწყო.

ოლიმპიადა მოსწავლეებში STEM მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის ზრდას ისახავს მიზნად.

პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 100 სკოლის 100 გუნდი მიიღებს, ისინი სკოლის სახელით იასპარეზებენ და ერთმანეთს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან.

STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალურად კი პროექტის მენეჯერი, კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ლომიძე გვესაუბრა.

რა მნიშვნელობა აქვს STEM ოლიმპიადის მსგავსი მასშტაბური პროექტის ჩატარებას საქართველოში?

საქართველოს სკოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია STEM განათლების მიმართულებით ხელშეწყობა და სასკოლო საზოგადოების (მოსწავლე, მასწავლებელი) მოტივაციის ამაღლება. მსგავსი ოლიმპიადა, რომელიც თავისი მასშტაბითაც და რიგითაც პირველად ტარდება, ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესის ზრდას STEM განათლების მიმართულებით. ზოგადად კონკურსები, ოლიმპიადები, ტურნირები მიიჩნევა განათლებისთვის დამატებით მოტივატორად, რაც მოსწავლეებს უკეთესი სწავლისთვის შინაგან მოტივაციასაც უჩენს.

STEM ოლიმპიადა, რომელიც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ორგანიზებით წელს პირველად ტარდება, არ არის მხოლოდ კონკურსი, იგი შეიცავს საგანმანათლებლო აქტივობებსაც – ოლიმპიადის მონაწილე გუნდებს პირველ ტურამდე ჯამში 15 კონსულტაცია ჩაუტარდებათ, ფინალისტ გუნდებს კი – 30 კონსულტაცია. აქედან გამომდინარე, ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებისთვის ეს იქნება დიდი გამოცდილება, რაც მომავალში STEM განათლების განვითარების მიმართულებით სკოლებში დიდ „ნაპერწკალს“ გააღვივებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას შეუძლია. თუმცა, იმ სკოლებს, სადაც ფიზიკა-მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება, ჟიური არ შეაფასებს და უბრალოდ კონკურს გარეთ შეეძლებათ ჩართვა. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

მინდა გითხრათ, რომ არც ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებს დავწყვიტეთ გული და ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამ სკოლებისთვის ოლიმპიადაზე ფაქტობრივად ცალკე კონკურსი იქნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ოლიმპიადაზე გვექნება ორი კონკურსი:

პირველი – სადაც ყველა სკოლა (გარდა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისა) ერთმანეთს გაუწევს კონკურენციას და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის; მეორე – სადაც ფიზიკა-მათემატიკური სკოლები გაუწევენ კონკურენციას მხოლოდ ერთმანეთს და იბრძოლებენ სპეციალური პრიზისთვის.

მიზეზი იმისა, რის გამოც ფიზიკა – მათემატიკური სკოლები დანარჩენ სკოლებთან კონკურენციაში ვერ შევლენ არის ის, რომ მოსწავლეები იქნებიან არათანაბარ პირობებში. ჩვენი მიზანი კი საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლისთვის შესაძლებლობის მიცემაა, რომ გამოცადონ საკუთარი უნარები STEM მიმართულებით. თუმცა, საბოლოოდ საქართველოს მასშტაბით, უკლებლივ ყველა სკოლას შეუძლია STEM ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა.

გარდა იმისა, რომ ოლიმპიადაში გუნდებად დაკომპლექტებული სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, მათთან ერთად პროექტში ჩართული იქნებიან მასწავლებლებიც. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს მასწავლებლების ჩართულობა და რას სთავაზობთ მათ?

STEM ოლიმპიადაზე გუნდის მენტორობა მასწავლებლებისთვის ნიშნავს დიდ გამოცდილებას. გარდა იმისა, რომ მენტორი ურთიერთობს საკუთარ მოსწავლეებთან და წარმართავს მათი მომზადების პროცესს, გუნდის ხელმძღვანელებს საშუალება ექნებათ კონსულტაციები გაიარონ კომაროვის სკოლის ისეთ პროფესიონალებთან, რომლებსაც ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით საქართველოს ნაკრების წევრების მასწავლებლობის დიდი გამოცდილება აქვთ. ამის გარდა, ფინალში გადასული გუნდების მენტორებს ჩაუტარდებათ 3-თვიანი კონსულტაციების სერია ელექტროინჟინერიის, arduino-ს დაპროგრამებასა და მისი საშუალებით პროექტების შექმნის მიმართულებით. კონსულტაციებს კი ჩაატარებენ საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის კიდევ ერთი პროექტის „STEM სკოლის“ პროფესიონალი ექსპერტები. საბოლოოდ, ყველა მენტორი მიიღებს დიდ სტიმულსა და გამოცდილებას, რომ მომავალში წარმატებით განაგრძოს STEM სწავლება საკუთარ სკოლებში, ხოლო გამარჯვებული გუნდის მენტორი მიიღებს საჩუქარს საქართველოს ბანკისგან – გუნდთან ერთად გაემგზავრება სასწავლო ექსკურსიაზე ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, CERN-ის ამაჩქარებელზე.

რას ურჩევდით იმ სკოლებსა და მოსწავლეებს, რომლებსაც ოლიმპიადაში მონაწილეობა ვერ გადაუწყვეტიათ, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არ არიან?

ოდესღაც ყველაფერს პირველად ვაკეთებთ, ამიტომ თუ აქამდე ოლიმპიადებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაგვაბრკოლოს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, STEM ოლიმპიადა შეიცავს სასწავლო კომპონენტსაც – თან სწავლობ, თან კონკურსში მონაწილეობ. STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა სკოლებისთვის არის შესაძლებლობა გამოჩნდნენ ასპარეზზე, შეიძინონ გამოცდილება და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ საქართველოს ბანკის პრიზი – სკოლაში მულტიფუნქციური სივრცე STEM აქტივობების წარსამართად.

და ბოლოს: მაინც რატომ არის STEM განათლება პრიორიტეტული თანამედროვე მსოფლიოში?

პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნე ითვლება ტექნოლოგიების ეპოქად. STEM სწავლების სკოლებში შემოტანის იდეა კი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ადამიანი მოსწავლეობიდანვე მზად იყოს 21-ე საუკუნის კონკურენციისთვის, ისწავლოს როგორც ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე მათი შექმნა. მოსწავლეობიდანვე ჩაუყაროს საფუძველი მულტიფუნქციურ განათლებას, რაც მომავალი პროფესიების ფართო არჩევანს უხსნის გზას.

STEM ოლიმპიადა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ, განვითარდნენ და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტში, ფაქტობრივად, მთელი სკოლა იქნება ჩართული, რადგან უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ თითოეული სკოლის მასწავლებლებიც. ასე რომ, ყველა სკოლამ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და შექმნას გუნდი, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. თეორიული ეტაპისთვის სამეცადინო პროგრამები უკვე განთავსებულია სარეგისტრაციო ვებგვერდზე. პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად, ნებისმიერი სხარტი და შრომისმოყვარე მოსწავლე შეძლებს საუკეთესოდ მოემზადოს სკოლის წარსადგენად. ოლიმპიადაზე გუნდების რეგისტრაცია 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ოლიმპიადაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. გუნდების დაკომპლექტების შესახებ ინსტრუქციას გაეცანით ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბერს დასრულდება. თუ გსურთ, თქვენც გახდეთ პროექტის ნაწილი, გადადით ბმულზე.