ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.

,,წყალმომარაგების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებელი წინაპირობა ინფრასტრუქტურული და საოპერაციო მიმართულებების გაუმჯობესებასთან ერთად მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მოდერნიზებული სერვისების შექმნაა. სწორედ ამიტომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების მიმართულებას ამ ეტაპზე ორი მთავარი პირიორიტეტი აქვს, ესენია: წყალმომარაგების სერვისების შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაციის გამარტივება  და წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჯივიპიში დავნერგეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფები, შედეგად ამ ეტაპზე გვყავს განსხვავებული ფუნქციონალის 5 მხარდაჭერის ჯგუფი, რომელთა მიზანია კომპანიაში შემოსულ თითოეულ საკითხზე მაქსიმალურად სწრაფი და ოპერატიული რეაგირება.

ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური განახლებებიც, რომლის ფარგლებშიც ინერგება მომხმარებელზე მორგებული, მოდერნიზებული ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯივიპის მომხმარებლები შეძლებენ დისტანციურად და მარტივად ისარგებლონ კომპანიის ელექტრონული სერვისებით ვებგვერდისა და აპლიკაციის პერსონალური სივრცის, პირადი კაბინეტის დახმარებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული  და იცოდეს რა შემთხვევაში, რა თემებთან დაკავშირებით და როგორ უნდა მიიღოს სასურველი სერვისი. სწორედ ამიტომ, ჯივიპიში დავიწყეთ კამპანია, რომელიც აერთიანებს შემეცნებითი ვიდეოების სერიებს წყალმომარაგების სერვისებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი რესურსი სჭირდება სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას. სწორედ ამიტომ ხშირად გვსმენია წყლის შესახებ სხვადასხვა მითი, მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად განსხვავებულია - მაღალი ხარისხის სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა, ბევრეტაპიანი, რთული და მასშტაბური სამუშაო პროცესები სჭირდება. სწორედ  წყლის მოპოვების, დამუშავებისა და მომხმარებლებამდე მიყვანის ციკლის სირთულისა და მასშტაბურობის შესახებ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად კამპანია “ყოველი წვეთი ძვირფასია.“- ეკა ბერიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების დირექტორი.