სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე.
ამის შესახებ TASS-ს სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა, იური ვლადიმეროვმა განუცხადა.
"ვიმედოვნებთ, რომ სამგზავრო ტრანსპორტირება აფხაზეთსა და საქართველოში გაეშვება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახვა არის მიმოსვლა დაიწყოს ამ ზაფხულს", - განაცხადა ვლადიმეროვმა და დასძინა, რომ ტრანსპორტირების დაწყება სოჭიდან ბათუმშიც სურთ.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნის თაობაზე. ჩვენ ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, შეძლებისდაგვარად განვითარდეთ ამ მიმართულებით“, - დასძინა ვლადიმიროვმა.
2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე კრასნოდარის მხარეში შეიქმნა საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომლის წყალობითაც 2012-2015 წლებში რეგიონს 90 ათასზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია. საკრუიზო მომსახურება მოგვიანებით შეწყდა.
შემდეგ მოეწყო შიდა რუსული საკრუიზო მომსახურება სოჭიდან, თუმცა ის ასევე შეფერხდა კორონავირუსული პანდემიის და სხვა მიზეზების გამო.