ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უფროსი თაობის ადამიანების გამოცდილების, რეკომენდაციების და მოსაზრებების მოსმენას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
სწორედ ამ მნიშვნელობის და პატივისცემის ხაზგასმა, ასევე ხანდაზმული ამომრჩევლების ინფორმირებულობა, საარჩევნო პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და სერვისების გაცნობა იყო იმ აქტივობების მიზანი, რომელიც დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად განახორციელა.
ამ დღის აღსანიშნავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს პრესსპიკერთან ნათია იოსელიანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისს“ ეწვია და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილი ორგანიზაციის ბენეფიციარებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება.
გარდა ამისა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი თბილისში და სოფელ წეროვანში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩევლებს, 97 წლის თინა გიორგობიანს და 101 წლის ლევან ჯაშს ეწვივნენ, მათ ეს დღე მიულოცეს და პატივისცემის ნიშნად, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სამახსოვრო დოკუმენტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. წეროვანში ლევან ჯაშთან გამართულ შეხვედრას მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილიც ესწრებოდა.
ამასთანავე, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, 100 წლის თამარ გორჯელაძეს ესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თამარ გორჯელაძეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, სამახსოვრო სიგელი გადასცეს. ასევე გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი სიახლეები და ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები.
ამომრჩეველთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კომუნიკაცია და მათ აქტიურ ჩართულობაზე ზრუნვა იყო და რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.













