გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე - მთავარი სხდომა

მეცხრამეტე ეპიზოდი - 20 ნოემბერი

 გასული კვირის ბოლოს, კერძოდ, პარასკევს, 2026 წლის 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ, მთავარი სხდომის ეტაპიდან განაგრძო „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორებს შორის მიმდინარე დავის განხილვა.

სხდომა, გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებულ საქმესთან მიმართებით, კვლავ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განახლდა.

მხარეებმა, როგორც წინა რამდენიმე სხდომაზე,  საქმეზე თანდართული მტკიცებულების დაწვრილებითი განხილვა და თითოეულ მტკიცებულებასთან მიმართებით, საკუთარი არგუმენტების წარმოჩენა განაგრძეს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მხარეთა შორის დავის საგანია - ოქროყანის მიწის „აკადემიის“ კაპიტალში შეტანის საკითხია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ ეს თემა ნათია ჯანაშიამ მას შემდეგ წამოსწია, რაც 2024 წელს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ინვესტორი მასთან და მის მეუღლესთან მენეჯმენტ კონტრაქტის გაგრძელებას აღარ გეგმავდა (ამ კონტრაქტის პირობებში, მას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს, 5 წლის განმავლობაში, ჯამში, ხელფასის სახით 5 მლნ ლარი აქვთ მიღებული).

ნათია ჯანაშიას მხარის პოზიციაა, რომ ინვესტორს აღნიშნული მიწა კომპანიის კაპიტალში უსასყიდლოდ უნდა შეეტანა, ხოლო ინვესტორი ამტკიცებს, რომ ამ 3 მილიონიანი აქტივის კაპიტალში შეტანა კომპანიაში წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, ანუ 70/30-ზე უნდა მომხდარიყო.

ნათია ჯანაშიას მხარეს არგუმენტად წარმოდგენილი აქვს თავის დროზე, ინვესტორის“ მიერ შექმნილი „ექსელის“ სამუშაო ფაილი, სადაც მთლიან პროექტში მიწის ღირებულების გასწვრივ არის მითითებული - 0. აქვე, უნდა ითქვას, რომ საგულისხმოა, - ეს სამუშაო ფაილი მხარეთა შორის  მემორანდუმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდეა შექმნილი და მრავალჯერ აქვს კორექტირება გავლილი.

ესეც რომ არ იყოს, შემდგომში თავად მემორანდუმშია განსაზღვრული, რომ  მემორანდუმი და ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის მანამდე არსებულ ნებისმიერ სხვა შეთანხმებას აბათილებს.

ინვესტორის მხარე დამატებით საპირწონედ აცხადებს, რომ  აღნიშნული მიწის ნაკვეთის კაპიტალში ნულოვანი ღირებულებით შეტანა, ვერც ერთ ეტაპზე, ვერ იქნებოდა მხარეთა შორის შეთანხმების საგანი. მას საამისო არგუმენტად, სხვა არგუმენტებთან ერთად, მოჰყავს დადასტურებული მიმოწერა, სადაც ნათია ჯანაშია (ასევე მისი მეუღლე) ინვესტორს სთხოვენ მიწის ღირებულების მათი კუთვნილი 30% განწილვადდეს 4 თანაბარ ნაწილად. ამით ინვესტორი ამტკიცებს, რომ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე, მხარეთა შორის დაძაბულობის წარმოქმნამდე, არც კი განიხილავდნენ ამ მიწის კაპიტალში შეტანის სხვა ვერსიას და მხოლოდ დაპირისპირების ფონზე წამოჭრეს ეს საკითხი.

ინვესტორის წარმომადგენელმა იურისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის წამოჭრა და მის თაობაზე სამართლებრივი დავა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ნათია ჯანაშიამ ინვესტორს შეუზღუდოს ამ მიწაზე არსებული მისი უფლებები. შეგახსენებთ, აღნიშნული ნაკვეთი, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საგანი, დაყადაღებულია - შესაბამისად, მასზე უფლებები მესაკუთრეს შეზღუდული აქვს.

ამით სასამართლომ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს და რამდენიმე სხდომის განმავლობაში გრძელდებოდა.

მთავარი სხდომა 2026 წლის ნოემბერს, ამჯერად უკვე მხარეთა შორის პაექრობის ეტაპიდან გაგრძელდება.