საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

2024 წლის 21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებს საკადრისად დაუხვდა – ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გამოვლინდა, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალურ ეტაპზე ბრძოლას საქართველო და საბერძნეთი აგრძელებენ.

ფინალური შეხვედრა 26 მარტს კვლავ თბილისში გაიმართება. როგორც ამ მატჩზე, ისე ყოველთვის და ყველგან, ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

წარსული მწარე გამოცდილებების ფონზე, შესაძლოა, 2024 წლის მარტის ბოლო იყოს დაუვიწყარი ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის – სრულიად სავსე სტადიონი და სხვა დანარჩენი უკვე ისტორიაა, რომლის ნაწილიც გავხდებით ჩვენ, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეული გულშემატკივარი.

ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ფეხბურთის ახალგაზრდა კომენტატორი, ანდრო ხელაძე კი ისტორიული მატჩის წინ პირად ემოციებს, განცდებსა და მოლოდინებს გვიზიარებს:

ეროვნული ნაკრების ქომაგობა

„სხვადასხვა საქმის კეთების დროს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს ფეხბურთს, უცებ, არსაიდან მახსენდება, რომ სულ მალე ისტორიის დაწერა შეგვიძლია და ეგრევე გული მიჩქარდება. გაფაციცებით ვათვალიერებ, რა ქნეს ნაკრების ფეხბურთელებმა თავიანთ გუნდებში, ვინ რამდენი წუთი ითამაშა, ვინ როგორ ფორმაშია, ხომ ყველა ჯანმრთელად ხვდება ამ მატჩს. მოკლედ, პირველ რიგში, ვნერვიულობ, მაგრამ ამას სასიამოვნო ნერვიულობას დავარქმევდი – ფუფუნებაა, როცა შენს ნაკრებს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

მე პირადად დიდი ხანია, სრულ მზადყოფნაში ვარ, 14 წელია, ნაკრების თითქმის ყველა საშინაო მატჩი სტადიონიდან მაქვს ნანახი, მნიშვნელობა არ აქვს, სად თამაშობენ – თბილისში, ბათუმში თუ გორში. ბავშვობაში მშობლებს დასასვენებლად წასვლისთვის ისეთ დროს ვარჩევინებდი, ნაკრების საშინაო მატჩს რომ არ დამთხვეოდა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია და არასდროს არ მტკივა და მიხარია გოლი ისე, როგორც მაშინ, როცა საქართველო თამაშობს. ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ტრიბუნიდან ჯერ არ მინახავს”.

წინასამატჩო რიტუალები

„ასეთ დროს რამდენიმე ეტაპია გასავლელი: პირველ რიგში, ბილეთის ყიდვა. მიხარია, რომ სამეგობრომ რაღაცნაირად მოვახერხეთ და ყველა ერთსა და იმავე რიგში დავბანაკდით. ეს ისეთი მატჩია, მთელი ცხოვრება რომ გემახსოვრება და ასეთი მომენტების გაზიარება საყვარელ ადამიანებთან ერთად გინდება. ნაკრების თამაშების დროს სტადიონზე მინიმუმ 2 საათით ადრე მივდივარ ხოლმე, ატმოსფერო სრულად რომ შევიგრძნო და დავიმუხტო, გზაში ყველა იმ სიმღერას ვუსმენ, რომელიც საქართველოს ნაკრებზე ან ქართულ ფეხბურთზე დაწერილა, რადგან ასეთი ბევრი არ არის, მალევე პატრიოტულ მოტივებზე დაწერილ სიმღერებზე გადავდივარ და სანამ სტადიონზე შევალ, ისეთი აჟიტირებული ვარ, თითქოს მეც უნდა ვითამაშო ფეხბურთი. ამ თამაშების შემდეგ, იმედია, ახალი სიმღერებიც შეემატება ჩემს კოლექციას”.

გულშემატკივრის მნიშვნელობა

„არსებობს მატჩები, რომლებსაც გულშემატკივრები იგებენ. ვისაც სპორტი დიდად არ უყვარს, ალბათ ვერ წარმოუდგენია, ტრიბუნაზე სიმღერამ როგორ შეიძლება უკეთ დაარტყმევინოს ან პასი გააკეთებინოს ფეხბურთელს, მაგრამ მართლაც ასეა.

ყველაზე მკაფიოდ რამდენიმე დღის წინ, ეს თავად შევიგრძენი, როცა ვანდა მეტროპოლიტანოზე ატლეტიკოსა და ინტერის მატჩს დავესწარი, აქამდე არასდროს მინახავს, 90 და საერთოდ 120 წუთის განმავლობაში მთელ სტადიონს სინქრონულად ემღერა. ქალი, კაცი, ბავშვი – ყველა მღეროდა, შარფებს აქნევდა და მაქსიმალურად ცდილობდა, მუხტი ფეხბურთელებზე გადაეტანა, საბოლოოდ, არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ ატლეტიკოს იმ ინტერის დამარცხება გამოუვიდა, რომელსაც ამ წელს ყველა მატჩი მოგებული ჰქონდა და ვერავინ დამაჯერებს, რომ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, ამაში წვლილი გულშემატკივრებმაც არ შეიტანეს.

ჩემი ოცნებაა, მსგავსი რამ საქართველოშიც ვნახო, თუმცა ჯერ მინდა, მოვისმინო მთელი სტადიონის შესრულებული საქართველოს ჰიმნი, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე მატჩის დროსაც იყვნენ ჩემ ირგვლივ ისეთი ადამიანები, ვისაც ამის ერიდებოდა. არადა რა არის მოსარიდებელი? შენი ქვეყნის ჰიმნია, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ხმა და სმენა გაქვს, მთავარია, გუნდისკენ დადებითი ენერგია გაუშვა.

ძილის წინ ბევრჯერ წარმომედგინა, როგორ გამქონდა საქართველოს ნაკრების მაისურით გოლი, არ მგონია, ერთადერთი ვიყო, ვინც ამას აკეთებს და აკეთებდა. ჩვენი გატანილი გოლი ბოლო ხმაზე ნამღერი ჰიმნი და აფრიალებული დროშაა. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ჩვენ-ჩვენი ომები უნდა მოვიგოთ – ზოგმა მინდორზე, ზოგმაც ტრიბუნაზე.”

წყარო: argacherde.bog.ge