განვითარებულ სამყაროს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 10 წელი დასჭირდა, ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ბაზარს - ასე ეხმაურება GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი Energy Community-ს პოზიციას ბირჟასთან დაკავშირებით.

საქმე ის არის, რომ ენერგეტიკული გაერთიანების პოზიციით, ენერგეტიკული ბირჟის იმ მოდელით ამოქმედება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს, ორგანიზაციის მოთხოვნებთან თანხვედრაში არაა.

როგორც მაია მელიქიძე BMG-სთან აცხადებს, ბიზნესისთვის ბირჟის ამოქმედება მნიშვნელოვანია, თუმცა კვლავ არსებობს კითხვები რიგ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა მაგალითად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და ამ მიმართულებით კომპანიებისთვის ჯარიმების დაკისრების რისკი.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ 6-ჯერ გადავადების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდება, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ.

„კერძო სექტორისთვის ბირჟის გახსნა მნიშვნელოვანია, ამას რამდენიმე კომპონენტი ახლავს თან, ესაა გამჭვირვალობა, ფასის დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და ზოგადად ბირჟაზე გამჭვირვალედ ვაჭრობის შესაძლებლობა. თუმცა კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ გარკვეული საკითხები კვლავ დასაზუსტებელია, მათ შორის უბალანსობის ვალდებულება და შესაძლო ჯარიმები. კომპანიებისთვის, მათ შორის მსხვილი მომხმარებლებისთვის საკმაოდ რთულია წინასწარ პროგნოზი, თუ როგორი იქნება გამომუშავება და მოხმარება. ამიტომ ამ ნაწილში გარკვეული ჰეჯირების მექანიზმების შემოღება მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე სამ სხვადასხვა მოდელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, 1 ივლისიდან ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყოს. სამივე მოდელი ბირჟის ნაწილობრივ გახსნას მოიაზრებს.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დარწმუნებული ვარ, გაერთიანება სწორად აღიქვამს დღევანდელ მოცემულობას. განვითარებულ სამყაროს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ასამოქმედებლად 10 წელი დასჭირდა, ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსნით ბაზარს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწყის ეტაპზე ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნება.

BM.GE