„ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, მიმდინარე წლის სამ თვეში ეროვნულმა ბანკმა 213,5 მლნ დოლარი იყიდა.

მისი თქმით, რომ არა სებ-ის ჩარევა სავალუტო ვაჭრობაში, ლარის კურსი გამყარების ტენდენციას ვერ განაგრძობდა.

„ეროვნულმა ბანკმა მარტის თვეში 127,9 მილიონი დოლარი იყიდა (რასაც, ტრადიციულად, მხოლოდ ერთი თვის დაგვიანებით ვიგებთ). სულ, წლის დასაწყისიდან სამი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 213,5 მილიონი დოლარი, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას მოხმარდა.

ლარი კვლავ აგრძელებს გამყარების ტენდენციას და მცდარი იყო ის აჟიოტაჟი, რაც გასულ თვეში ლარის გაუფასურების ირგვლივ იყო ატეხილი. რომ არა ეროვნული ბანკის მხრიდან ამ ზომის ჩარევა სავალუტო ვაჭრობაში, ლარის კურსი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა გამყარების მიმართულებით“, - აღნიშნავს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

2024 წლის 1 იანვარს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ იყო 2,6894, დღეის მდგომარეობით არის 2,6859. გოცირიძის განცხადებით, მონაცემები აჩვენებს, რომ სებ-მა ფიქსირებული გაცვლითი კურსის პოლიტიკა აირჩია, რა პირობებშიც თავისუფალი მცურავი კურსის შესახებ საუბარი არასერიოზულია.

„როგორც ვხედავთ, ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, ფიქსირებული გაცვლითი კურსის პოლიტიკა აირჩია. ამის შესაძლებლობას სავალუტო შემოდინებებიც აძლევს.

ასეთ პირობებში საუბარი თავისუფალი მცურავი კურსის შესახებ არასერიოზულია“, - წერს რომან გოცირიძე.