„ეს დებულება რომ თავიდანვე არ იყო ასახული ეროვნული ბანკის დოკუმენტში, ნათლად მიუთითებს ამ დოკუმენტის ავტორთა არაკომპეტენტურობაზე“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებას და ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, ამ ცვლილების მიღების დრო არ იყო სწორად შერჩეული, რამაც ხელი შეუწყო ამ თემის პოლიტიზებას და საბოლოოდ დააზიანა ქვეყანა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა იცავს საერთაშორისო სანქციებს. აქ ალბათ საუბარი უნდა იყოს ერთ რეგულაციაზე, რომელიც გულისხმობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე მოხვდება საერთაშორისო სანქციებში, იმისათვის რომ ეს სანქციები საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედდეს, საქართველოს ამ მოქალაქის მიმართ გამოტანილი უნდა იყოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ზოგადად, ეს სწორი დებულებაა. ეს დებულება რომ თავიდანვე არ იყო ასახული ეროვნული ბანკის დოკუმენტში, ნათლად მიუთითებს ამ დოკუმენტის ავტორთა არაკომპეტენტურობაზე. ეს დებულება თავიდანვე რომ ყოფილიყო ასახული, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, არავინ გააკრიტიკებდა მას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორი დებულების მიღებასაც კი სწორი დროის შერჩევა სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ცვლილების მიღების დრო არ იყო სწორად შერჩეული, რამაც ხელი შეუწყო ამ თემის პოლიტიზებას, რამაც საბოლოოდ დააზიანა ქვეყანა“, - ამბობს თემურ ბასილია.
ნათია თურნავას ბრძანებას, ეროვნულ ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა, თუმცა პარლამენტმა მეორე დღესვე აირჩია სებ-ის საბჭოს ორი ახალი წევრი. შესაბამისად თემურ ბასილია ამბობს, რომ ადმინისტრაციული თვალსაზრისით ეროვნული ბანკის საბჭოს შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რაც შეეხება კომპეტენციას, მისი თქმით, ამ კუთხით არც წასული ვიცე-პრეზიდენტი გამოირჩეოდა.
„ერთ-ერთი გადამდგარი გახლავთ მესტვირიშვილი, რომელიც იმისათვის რომ დაეფარა ის კორუფცია და ბინძური მაქინაციები რასაც ადგილი ჰქონდა ეროვნულ ბანკში, აცხადებდა რომ თურმე ფულის მასას გავლენა არა აქვს არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზეო. ანუ, საერთოდ თავდაყირა აყენებდა ფულის რაოდენობრივ თეორიას. მისი განცხადებებით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე კანონის დარღვევით გაცემული მილიარდობით ლარი რეფინანსირების სესხები უარყოფითად არ მოქმედებდა ინფლაციაზე, გაცვლით კურსზე და ზოგადად ეკონომიკაზე. ამის თაობაზე არაერთხელ გვისაუბრია და ამიტომაც ვიმეორებ ახლაც. ასეთი არსების ადგილი ნამდვილად არ იყო ეროვნულ ბანკში. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ქმედუნარიანობას, პარლამენტმა დაამტკიცა საბჭოს ორი წევრი; ანუ, ადმინისტრაციული თვალსაზრისით ცხადია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, - ამბობს თემურ ბასილია.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა შეცვალა წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება და გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
commersant.ge