2024 წელს Tesla-ს არასახარბიელო ფინანსური შედეგები აქვს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ღირებულება 37%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 486 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2021 წელს Tesla-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარს აღწევდა, ანუ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კომპანიის საბაზრო შეფასება დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული.

სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან შედარებით, ამჟამად Tesla-ს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც არასახარბიელო ფინანსური შედეგებით, გაჭიანურებული გეგმით, საწარმოო პროცესის გაუმართაობითა და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ელექტრომობილების წარმოება ახლა უკვე სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმაც კი დაიწყეს.

დიდი ხანია, რაც Tesla აღარ არის ელექტრომობილების ბაზარზე არსებული ერთადერთი მოთამაშე, უფრო მეტიც, ის საუკეთესოც კი აღარ არის, რადგან ეს სტატუსი ამჟამად Porsche Taycan-ს ეკუთვნის, რომელიც ელექტრომობილების ეტალონად ითვლება.