დავიცავთ საკუთარ თავს და ვიბრძოლებთ უნგრეთის სუვერენიტეტისა და უნგრელი ხალხის ინტერესებისთვის, - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის, ზოლტან კოვაჩის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Kossuth Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, ბრიუსელი მუშაობს უნგრეთში ისეთი მთავრობის ჩანერგვაზე, რომელიც მის პოლიტიკას განახორციელებს.

„მათ სურთ, რომ ჩვენ, უნგრელები, ბრიუსელის მთავრობის მხარეს გადაგვიყვანონ, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს. თუ ამის გაკეთება კეთილი სიტყვებით არ მოხერხდება, პოლიტიკურ ბრძოლამდე მივა“, - განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი, უნგრეთს მტრად მიიჩნევენ და არა პარტნიორად ან თუნდაც ოპონენტად.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილება: სურთ უნგრეთში მთავრობის შეცვლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ორბანმა.