2022 წელს რუსეთის შიდა და საგარეო ვალის მოცულობა 20,9 ტრილიონი რუბლიდან 22,8 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, იუწყება გაზეთი "ვედომოსტი" ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შიდა ვალის მოცულობა 18,781 ტრილიონი რუბლია, საგარეო - 4,039 ტრილიონი რუბლი.

გაზეთის წყაროს თქმით, ვალის მომსახურების ღირებულებამ 1,33 ტრილიონ რუბლს მიაღწია. (ბიუჯეტის ყველა ხარჯის 4%).

2021 წელს სახელმწიფო ვალზე დანახარჯებმა მხოლოდ 1,084 ტრილიონი რუბლი შეადგინა.

2022 წლის დეკემბერში, "ვედომოსტმა", ანგარიშის პალატის მოხსენებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო ვალის მომსახურების ღირებულება 1,018 ტრილიონ რუბლს აღემატებოდა.

2023-2025 წლების ფედერალური ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ვალი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ გაიზრდება და 2025 წელს 29,9 ტრილიონ რუბლს მიაღწევს.

სანდრო პირველი