ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხზე „კომერსანტთან“ კომენტარი ბიზნესმენმა არმაზ თავაძემ გააკეთა.
- ბატონო არმაზ, ჯანდაცვის სფეროში, სადაც ბოლო 4 წელიწადში უკვე მესამე მინისტრი იცვლება, რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და აქციონერი ბრძანდებით. როგორ შეაფასებდით ამ სექტორში კერძო და საჯარო სექტორის ურთიერთობებს და პოლიტიკის განმახორციელებელი პირების ასე ხშირად ცვლას?
გულდასაწყვეტია, მაგრამ ქართული ჯანდაცვა წლების მანძილზე ავგიას თავლას დაემსგავსა, რომლის გასუფთავება ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო. ძირითადი მიზეზი მაინც ის არის, რომ ყველა ცდილობს ახალი ველოსიპედის შექმნას. გაუგებარია, რატომ ვცდილობთ, გამოვიგონოთ რაღაც ახალი იმ სფეროში, სადაც ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ არის გამოცდილი და ადაპტირებული წარმატებული რეფორმების მქონე ქვეყნებში.
უკვე იმდენჯერ დავიწყეთ ჯანდაცვის სფეროში რეფორმა, რომ წესით ქართული ჯანდაცვა ყველაზე რეფორმირებული და წამყვანი დარგი უნდა იყოს ქვეყანაში. ასე ვწვალობთ ბოლო 30 წელიწადია და შედეგად მივიღეთ, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის კლინიკები გადავსებულია ქართველი პაციენტებით და მარტივად სამკურნალო ნოზოლოგიებსაც კი ჩვენი მოქალაქეები იქ მკურნალობენ.
პირადად მე, ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს ზედმეტი ჩართულობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჯანდაცვა რეგულირებადი სფეროა და სახელმწიფოს აქტიურობას ამ სფეროში ვერ გავექცევით. თუმცა, ნებისმიერი დარგის რეგულირება უფაქიზესი პროცესია და ზეკვალიფიციური კომპეტენციის კადრები სჭირდება. რეგულირება თუ არ იქნება სწორი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი, მაშინ ის რისკის შემცველი უფროა. ფაქტია, რომ არასწორი რეგულირების შედეგი იყო, რომ ჯანდაცვის ბიზნესში ბოლო წლებში ბევრი არაკვალიფიციური, არაკეთილსინდისიერი, შემთხვევითი მოთამაშე გამოჩნდა, რამაც პირველ რიგში პაციენტები და სფეროს კეთილსინდისიერი მოთამაშეები დააზარალა.
ახალმა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანდაცვის სფეროს რეგულირება განსაკუთრებულად დიდ ურთიერთკავშირს მოითხოვს კერძო სექტორთან, სამედიცინო საზოგადოებასთან და პაციენტებთან.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრების გადაულახავი პრობლემა იყო, რომ დარგის რეგულირებას ერთპიროვნული, დირექტიული სტილით ცდილობდნენ და საკმაოდ წარუმატებლად. კერძო და საჯარო სექტორები ხშირად უნდა უსმენდეს ერთმანეთს.
- ფიქრობთ, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა კერძო და საჯარო სექტორს შორის ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა?
ნამდვილად ასეა. დღეს ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ფიგურანტებს - საჯარო და კერძო სექტორს შორის - ნდობა სრულად გამქრალია. განსაკუთრებულად ეს ჯანდაცვის ბოლო მინისტრის საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.
სფეროში მოღვაწე ბიზნესმენების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ არცერთ სფეროში არ იყო ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ, როგორც ჯანდაცვაში - თითქოს არც სადაზღვევო კომპანიები არსებობდა, არც კლინიკები და არც სხვა მოთამაშეები. გაუგონარი შეცდომა იყო ისიც, რომ ე.წ. რეფორმების არცერთი პუნქტი და მიმართულება, არ განხილულა არავისთან, გარდა რამდენიმე პირისა. ზევიდან რაღაც დაეშვებოდა - უმეტესწილად შეცდომით და შემდეგ ამის აღსრულება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომაც გვაქვს სახეზე კოლაფსი და ამჟამად, ახალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს ყველა დაგროვილი პრობლემის აღმოფხვრა.
ჯანდაცვის სფერო ძალიან ფაქიზი და ამასთან, ძალიან მყიფეა, მით უმეტეს, განვითარებად სახელმწიფოში. აქ ავტოკრატიისკენ მიდრეკილი მინისტრი მყისიერად ანგრევს სისტემას. ამიტომ, სექტორის უმეტესი წარმომადგენელი დამეთანხმება, რომ ამ სფეროს კარგი პოლიტიკოსი, ხედვითი ლიდერი, კომუნიკაციების უნარებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიმღები უნდა ხელმძღვანელობდეს. ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გამოცდილი და კომუნიკაბელური პოლიტიკოსია და დარწმუნებული ვარ, სფეროს შორსმჭრეტელურად გაუძღვება. წარმატებები მინდა ვუსურვო მას.