ჯანდაცვის ექსპერტი: „კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ - რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც"
სურსათის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორი გაძვირდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ჯანდაცვის ჯგუფში ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში 9,3% შეადგინა. სპეციალისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ სამედიცინო ხარჯი ძირითადად თვითნებურად არის გაზრდილი, რაც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და მოსახლეობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.
აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მეტად - 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება არის გაძვირებული, ასევე გაძვირებულია მედიკამენტები, თერაპევტის კონსულტაცია, ქირურგიული მომსახურება და სტომატოლოგიური სერვისები.
საქართველოში ინფლაციის ტენდენცია მზარდია, აგვისტოში ინფლაციამ 4.6% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია.
გაძვირება ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვირად ღირებული მომსახურება სჭირდებათ ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. ამ მხრივ განსაკუთრებით ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს აქვთ პრობლემა.
მარტო ფსიქიატრის კონსულტაცია 120 ლარზე იაფი თითქმის არსადაა. თანაც, ვიზიტი პაციენტებს ლამის ყოველთვიურად უწევთ, რასაც წამლების ასევე გაზრდილი ფასი ემატება. ჯამში, ყოველთვიური ხარჯი 250 ლარს აჭარბებს, რაც ნებისმიერი ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.
როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი მარინა ბერაძე აღნიშნავს, სამედიცინო დაწესებულებებში ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს და გარკვეული სახის დარღვევებზეც მიგვანიშნებს.
"ერთიანი სტანდარტი ვერ იქნება, მაგრამ არც ის მდგომარეობაა სახარბიელო, რაც დღეს კლინიკებთან დაკავშირებით არსებობს ფასების კუთხით. მარტო ექიმის კონსულტაციის ფასი კლინიკებში 100-დან 200 ლარამდე არის გაზრდილი და ტენდენცია კიდევ გრძელდება. კერძო სექტორი დაინტერესებულია მაღალი გადასახადი დაწესდეს. ყველა სფერო პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ მკურნალობა - მედიკამენტის მიღება და ექიმის კონსულტაცია. რამდენად ხშირად ისარგებლებენ ამ სერვისით, მით მეტი იქნება გასაწევი ხარჯი, თუ არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველის, ომის ვეტერანის ან პედაგოგის კატეგორიას. დანარჩენი, ე. წ. შუალედური ფენა მნიშვნელოვანწილად შეღავათის მიღმაა და თავად უწევს სამედიცინო მომსახურების ხარჯთან გამკლავება. კლინიკები მასობრივად ერთი პრინციპით მუშაობენ - რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ და მიზანს აღწევენ კიდეც. კლინიკების მონიტორინგით პრობლემა არ გადაწყდება. მიზეზი საკმაოდ კომპლექსურია, იფლანგება ფული და მომხმარებელს უწევს გადახდა. დროა, მთავრობა ჯანსაღ საბაზრო პრინციპებზე გადაერთოს, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ", - განაცხადა მარინა ბერაძემ ჩვენთან საუბრისას.
აშკარაა, რომ ძვირდება როგორც კლინიკების მომსახურების სერვისი, ასევე მედიკამენტები, რასაც რეაგულაციების გამკაცრებაც ვერ შველის.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სერვისის გაძვირების მიზეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს, განსაკუთრებით, წამლების შემთხვევაში, რომელიმე კონკრეტული ფაქტი კარტელურ გარიგებას ხომ არ უკავშირდება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
,,ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა, შეფასება გამიჭირდება, სანამ არ ვიცი რეალური მიზეზი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. მედიკამენტების შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომ რეგულაციის აღსრულებას არ შეექმნას რისკი, ეს საკითხი საგანგებოდ არის შესასწავლი, ყველაფერი გასარკვევია. ბიზნესი არსებობს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს არაეთიკური გზით და მოსახლეობის ინტერესების ზიანის ხარჯზე. ჯანდაცვის ხარჯი რეალურად დიდი გამოწვევაა ჩვენი მოსახლეობისთვის , ხოლო სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ რეგულაციებით შეუძლებელია. არ შეიძლება, ერთი სუბიექტის ხელში არსებობდეს ერთდროულად ადგილობრივი წარმოება, იმპორტი, წამლების საბითუმო და საცალო ვაჭრობა, სადაზღვევო კომპანიები და კლინიკები, რაც განვითარებულ ქვეყნებში კანონით იკრძალება. ყველა ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რაც კანონით უნდა იყოს განმტკიცებული", - განაცხადა სურგულაძემ ,,რეზონანსთან".
რაც შეეხება ფასებს, ყველაზე მეტად, 26%-ით საავადმყოფოს მომსახურება გაძვირდა. მეორე ადგილს ამ მაჩვენებლით იკავებს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიმართულება, სადაც 22%-იანი გაძვირებაა. თერაპევტის კონსულტაციაზე ფასმა 15%-ით მოიმატა, ხოლო სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ჯგუფში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. სტომატოლოგის მომსახურების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.
წყარო: resonancedaily.com