საყოფაცხოვრებო სუბსიდია ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი.
ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია და რა ოდენობით?
საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნება პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად.
1. მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს - 100 ლარის ოდენობით;
2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს - 100 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - 100 ლარის ოდენობით;
4. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს - 100 ლარის ოდენობით;
5. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 100 ლარის ოდენობით;
6. მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) - 100 ლარის ოდენობით;
7. სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას - 100 ლარის ოდენობით;
8. ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს - 40 ლარის ოდენობით;
9. ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - 40 ლარის ოდენობითლ;
10. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს - 40 ლარის ოდენობით;
11. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს - 40 ლარის ოდენობით;
12. ქ.თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს - 80 ლარის ოდენობით;
13. ქ.თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს - 80 ლარის ოდენობით;
14. ქ.თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს - 60 ლარის ოდენობით;
ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?
პირმა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის სააგენტოში შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით – მისივე არჩევით.
პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის დარბევის მოწმობა და სხვ.) არსებობის შემთხვევაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.
ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს და შესაბამისი კატეგორიის პირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაუნიშნოს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, რაც სააგენტოს მიეწოდება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად.
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება (შეჩერება, შეწყვეტა, განახლება, გადაანგარიშება და სხვა) ხორციელდება სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
წყარო: jandacva.ge