TRACECA–ს მთავრობათაშორისი კომისიის თბილისში მიმდინარე დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია სისტემური გადაწყვეტილებების მიღება TRACECA-ს დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. მათ შორის ტვირთების, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გადის, – ამის შესახებ TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა ასეტ ასავბაევმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ TRACECA-ს პლატფორმა საშუალებას იძლევა, შეიქმნას ერთიანი მიდგომა, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რათა გამოირიცხოს საზღვრის კვეთის დროს რაიმე სახის პრობლემა.

„დღის წესრიგით გათვალისწინებულია კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის უკეთ ათვისება და გაღრმავება, გადაზიდვების ხარჯის შემცირების მიზნით. როგორც იცით, TRACECA-ს მარშრუტის როლი დღეს ძალიან აქტუალურია არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. პრიორიტეტები გადაიხედა და დღევანდელ დღეს უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება ტრასეკა-ს დერეფანს.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირებისა და გადაზიდვების განვითარება, ასევე შეთანხმება ერთიანი სატრანზიტო შეთანხმების შესახებ, დაეხმარება გადამზიდს, ყველა ქვეყანაში ისარგებლოს ერთი ნებართვით და აღარ დასჭირდეს ახალ-ახალი ნებართვების აღება ყველა საზღვრის კვეთაზე“, – აღნიშნა ასავბაევმა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ციტირებს.

მისივე განცხადებით, ყველა ეს ზომა მიმართულია დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ.

„აუცილებელია ასევე აღინიშნოს, რომ ტრასეკა-ს ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში შევიმუშაოთ ერთიანი სატარიფო მიდგომები საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით. იმისთვის, რომ საკონტეინერო გადაზიდვები უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფნით, ჩვენ გადავხედავთ და შევიმუშავებთ ერთიანი მიდგომის პოლიტიკას საკონტეინერო გადაზიდვებისთვის.

მართალია, დღეს დაწესებულია გარკვეული ტარიფები, მაგრამ მას ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აწესებს. ჩვენ ვსაუბრობთ ერთიან მიდგომაზე, რათა ტარიფს, რომელსაც შევთავაზებთ, იყოს კონკურენტული და საინტერესო გადამზიდისთვის. იცით, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან ბევრი ქვეყნის საზღვარზე გადის. ტრანსპორტიც განსხვავებულია – არის როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საკითხები, როგორებიცაა გადაზიდვები, ტარიფები სხვადასხვა ტრანსპორტზე და სხვადასხვა ქვეყნისთვის, იყოს ჰარმონიზებული და მაქსიმალურად დაახლოებული ერთმანეთთან“, – განაცხადა ასეტ ასავბაევმა.