სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.9-პროცენტიანი მატება.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის მაისთან შედარებით ფასები 5.8 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.45 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.9 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 3.3-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 15.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.6 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.8 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (10.6 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.46 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.













