ხელისუფლება მზად არის, საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე ცვლილებები შინაარსობრივად სახელმწიფო ბანკის შექმნას გულისხმობს.
როგორც მან განმარტა, ის უფლებები და ფუნქცია-მოვალეობები, რაც ცვლილების მიღების შემთხვევაში „საპენსიო ფონდს“ ექნება, მიუთითებს იმაზე, რომ საპენსიო სააგენტო თავისი არსით აღარ იარსებებს.
„ბევრ მავნებლობას შორის, რომელსაც მისდევს ეს ხელისუფლება, ის, რაც ხდება საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მათგანია. მიმდინარე ცვლილებები შინაარსობრივად გულისხმობს სახელმწიფო ბანკის შექმნას. ის ცვლილებები რაც დაანონსებულია, საქმიანობის მიმართულებები, საპენსიო ფონდის უფლებები, რა მიმართულებით შეუძლია განახორციელოს ინვესტიციები და შეუძლია კრედიტების გაცემაც, ეს არის უკვე სახელმწიფო ბანკი, საპენსიო სააგენტო თავისი არსით აღარ იარსებებს“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება დაგეგმილი ცვლილებებით აჩვენებს, რომ მზად არის საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ცომაიამ დააზუსტა, რომ შესაძლოა საპენსიო დანაზოგები მაღალრისკიან პროექტებში ჩაიდოს, მაგალითად, მშენებლობაში.
„ეს მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ იმას ემსახურება და აჩვენებს, რომ მზად არის ხელისუფლება, დანაზოგები უბრალოდ აიღოს და საკუთარი მიზნებისთვის ან ეგოს დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს.
თუ ადრე საპენსიო სააგენტოს შეეძლო მხოლოდ შეესყიდა დაბალრისკიანი ფასიანი ქაღალდები, ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდის მმართველ საბჭოს, რომელსაც მთავრობა ნიშნავს, რომელიც მხარეა, შეუძლიათ, რომ აიღონ დანაზოგები და ჩადონ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გზების მშენებლობებში, სახლების აშენებაში, ან აიღონ და თქვან, რომ რაღაცაში დახარჯეს ფული, საიდანაც ელოდებიან მომავალში მოგებას“, - აღნიშნა ეკონომისტმა.
შეგახსენებთ, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“.
მმართველი საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის, რისკების, ინვესტიციები მართვას და აუდიტსაც თავად განახორციელებს. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა დაგროვებული პენსია შესაძლოა, გაიცეს კრედიტების სახით სხვადასხვა პროექტისთვის. გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე, რაც გამოიწვევს „საპენსიო ფონდის“ ბიუჯეტის ზრდას.
წყარო: bpn.ge