თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე 22 ჰექტარის ფართობზე არსებული "ელმავალმშენებლის" ქარხანა 19.5 მილიონ ლარად განმეორებით აუქციონზე "საქართველოს ბანკმა" შეიძინა. ობიექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარასკევს გაყიდა, მას შემდეგ რაც პირველი აუქციონი, რომელზეც ქარხნის ქარტივები 49 მილიონ ლარად იყიდებოდა, ჩაიშალა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით, ქარხნის აქტივები 97.6 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად ის 80%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

“ელმავალმშენებლის” ქარხანა აუქციონზე გადაუხდელი ვალდებულებების გამო გამოვიდა. საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, თუკი ისინი არ შეიძენდნენ ამ უძრავ ქონებას, მაშინ ბანკი შესაბამის მოთხოვნის უფლებას დაკარგავდა.

აქამდე “ელმავალმშენებლის” 87%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებულ რუსულ კომპანია “ლოკო ტრანსს” ეკუთვნოდა. კომპანიის 12%-იან წილს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ფასიანი ქაღალდების ეროვნულ რეგისტრს უფლება მისცა დაარეგისტრიროს ჯერ კიდევ 2022 წლის 16 მარტს გაფორმებული აქციების გადაცემის ხელშეკრულება “ლოკო ტრანსსა” და კომპანია “თბილის ტრანსფერს” შორის, რომელიც “ელმავალმშენებელს” 2 მილიონ დოლარად იყიდის.

BMG-ის კომპანია “თბილისი ტრანსფერის” დირექტორმა ირაკლი ჭითანავამ განუცხადა, რომ ისინი ქარხნის აქტივების აუქციონის გზით გასხვისებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება კომპანია "თბილისი ტრანსფერს", ის 2015 წელს არის დაფუძნებული, ხოლო მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ჭითანავაა.

Bm.ge