რეფორმის ფარგლებში, აგრომეწარმეებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსური რესურსის მოსაზიდად უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენონ როგორც სამომავლო მოსავალი, ისე რეგისტრირებულ ან სერტიფიცირებულ საწყობში განთავსებული საქონელი.

საქართველოში აგრარული და სასაწყობე ხელწერილების ახალი სისტემის დანერგვა იგეგმება,- შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება მთავრობის 2026 წლის საშემოდგომო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია გათვალისწინებული.

ცვლილებებით უნდა განისაზღვროს აგრარული და სასაწყობე ხელწერილების სამართლებრივი სტატუსი, მათი გაცემისა და რეგისტრაციის პროცედურები, ასევე აგროფერმერების, საწყობის ოპერატორების, კრედიტორებისა და სისტემაში ჩართული სხვა მხარეების უფლებები და ვალდებულებები.

მთავრობის შეფასებით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აგროსექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა. ამასთან, ახალი მექანიზმი შეამცირებს უძრავი ქონების, როგორც სესხის უზრუნველყოფის ძირითად საშუალებაზე, დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს დასაწყობებული პროდუქციის მიმართ ნდობის გაზრდას.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ცვლილებებმა ასევე უნდა შეუწყოს ხელი სასაქონლო ვაჭრობის განვითარებას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ხელისუფლება რეფორმის შედეგად სასაქონლო ბაზრებისა და ბირჟების ჩამოყალიბებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ფასების ფორმირების პროცესის გაუმჯობესებას ელოდება.