ბოლო 5 წელში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები გაორმაგდა - ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში, საქართველოში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც უპრეცედენტოა.

ონოფრიშვილის თქმით, ზრდა დაფიქსირდა ყველა პარამეტრში. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ საქართველოში სექტორს ზრდის მეტი პოტენციალი აქვს.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი რაც გახლავთ სადაზღვევო სფეროში, ეს არის მოზიდული პრემია (შემოსავლები), რამაც 1.64 მლრდ ლარი შეადგინა. პირველად მოხდა ისტორიაში, როცა მოზიდულმა პრემიამ გადააჭარბა 1 მლრდ ლარს. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ბოლო 5 წელში თითქმის გაორმაგდა პრემია. მაგალითად, 2018 წელს ეს იყო 542 მლნ. თუ შევხედავთ 10 წლის წინანდელ მონაცემს, იყო 303 მლნ. ზრდა ძალიან თვალსაჩინოა.

ეს თავისთავად ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არიან, იზრდებიან. ბუნებრივია, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე არათანაბრად, მაგრამ ფაქტია, რომ ზრდა აშკარაა. ამასთან, შემდგომი ზრდის უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია.

სხვა პარამეტრები, რასაც ჩვენ გამოვყოფთ, არის აქტივების ზრდა, კაპიტალი, სადაზღვევო მოგება, წმინდა მოგება და ყველა ეს პარამეტრი არის გაზრდილი. საშუალოდ ვიტყვი ციფრს, რომ მოზიდული პრემია 17%-ით გაიზარდა. 17%-ით გაიზარდა აქტივები, 18%-ით გაიზარდა მოგება, ასევე გაიზარდა კაპიტალი. ასე რომ ყველა მიმართულება რეალურად დადებით რიცხვს გვიჩვენებს. შედეგიანობით უკეთესი წელია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ წინა სამი წელი პრაქტიკულად პანდემიის წელი იყო. 2023 იყო პირველი წელი, როცა ეკონომიკაც და სადაზღვევო ბაზარიც გამოცოცხლდა", - განაცხადა ონოფრიშვილმა.