საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.6%-ით ნაკლები იყო და სხვაობამ მაჩვენებლებს შორის 503 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მედიანური ხელფასი, საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, უკეთ ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წელთან შედარებით 18.3%-ით (238.5 ლარი) გაიზარდა და 1 543 ლარი იყო. რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით 15.6%-ით გაიზარდა და 1 040 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 703 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 637 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 547 ლარი;
  • მშენებლობა - 1 500 ლარი;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 425 ლარი.
  • 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 033.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 49.4%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 730 ლარი (ზრდა 15.3%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 285 ლარი (ზრდა 10.1%).

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარი იყო, ხოლო კაცების - 1 827 ლარი. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.1 ლარი (18.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალებისას.

საშუალო და მედიანური ხელფასების გაანგარიშების მეთოდოლოგია

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საშუალო არითმეტიკულის მეთოდით ითვლება. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის (კვარტალი, წელი) განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების/ხელფასის ფონდი იყოფა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე და შესაბამისად 3-ზე (კვარტალური) ან 12-ზე (წლიური).

აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების/ხელფასის ფონდი ძირითადი ხელფასის გარდა მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებსაც: პრემია, დანამატი და სხვა წამახალისებელი სახის გასაცემები, საკომპენსაციო გასაცემები და სხვა, რომელიც დაერიცხა დასაქმებულ პერსონალს ან გაიცა ნატურის სახით და ღირებულება ჩართულია შრომის ანაზღაურებაში.

რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. პირობითად, თუ მაღალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულის ხელფასი გაიზრდება, ეს საშუალო ხელფასზე მოახდენს გავლენას, თუმცა მედიანურ ხელფასზე ნაკლებად იმოქმედებს.

საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.

როგორც საქსტატში განმარტავენ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს.