მოლდოვა გაზპრომისგან გაზს აღარ შეიძენს. რესპუბლიკა ამიერიდან ენერგორესურსებს ევროპის ბაზარზე შეისყიდის. ამის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა.

„ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის“, - განაცხადა პარლიკოვმა ევროატლანტიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

პარლიკოვი ირწმუნება, რომ ევროპის ბაზარზე გაზის ყიდვა მოლდოვას უფრო იაფი უჯდებათ.

„უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება [გაზის შეძენა ევროპულ ბაზარზე] უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ფორმულა, რომელიც გაზპრომთან კონტრაქტში იყო განსაზღვრული“.

შეგახსენებთ, რომ ადრე მოლდოვა ყიდულობდა რუსულ ბუნებრივ გაზს, მაგრამ 2021 წლის ბოლოს გაზპრომმა და მისმა მოლდოვურმა შვილობილმა კომპანიამ განაცხადეს, რომ მოლდოვას მათი ასობით მილიონი დოლარის ვალი აქვს და შემდგომი სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, ეს დავალიანება უნდა დაფაროს.

მოლდოვამ გაზპრომის ეს განცხადება გააპროტესტა. მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა, საერთაშორისო აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ მოლდოვას გაზპრომს 8,6 მილიონი დოლარი ემართა გაზის მიწოდებისთვის, ეს კი რუსეთის ნავთობისა და გაზის კონცერნის მიერ გამოცხადებულ 709 მილიონ დოლარზე ბევრად ნაკლები.