მომავალში ელექტროენერგიის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო იმპორტი - შემცირდება
საქართველოს ენერგეტიკას ახალი თბოელექტროსადგური შეემატება. გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად მალე აუქციონი გამოცხადდება, რის შედეგადაც შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება. სიახლე ქვეყნის ენერგეტიკაზე დადებით გავლენას მოახდენს და საქართველოს იმპორტის მოცულობის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც ბოლო დროს ისედაც იკლებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება. მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა.
„გვინდა ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტეს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
იქამდე კი სანამ ინვესტორი გამოჩნდება, საინტერესოა, ექსპერტული შეფასება. ენერგეტიკოსი გია არაბიძის აზრით, პროექტის დაწყება ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იაფი გაზით მომარაგების დიდი პერსპექტივა გაჩნდა.
"გარდაბნის მე-3 და მე-4 ბლოკი, ძველი სადგურების, რომლებსაც ვამუშავებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძალიან დაბალეფექტურია, ამიტომ როდესაც ახალი მე-3 თბოსადგური აშენდება, მე-3 და მე-4 ბლოკი და მომავალში მე-9 ბლოკიც, უნდა გამოვიყვანოთ ექსპლუატაციიდან, რადგან მათი ეფექტურობა, მარგი ქმედების კოეფიციენტი, ძალიან დაბალია იმასთან შედარებით, რაც იქნება ახლის ამოქმედების დროს.
ფაქტობრივად ექსპლუატაციიდან გაგვყავს ის სიმძლავრეები და ვანაცვლებთ გაცილებით უფრო მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის სადგურებს. 54%-ია ახალი სადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი, მე-9 ბლოკისა - 37%.
წელსაც და მომავალ წლებშიც გაიზრდება სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობა, ანუ აზერბაიჯანული აირი გაცილებით მეტი რაოდენობით მიეწოდება ევროპას. ბუნებრივია, ჩვენს დერეფანში გატარებული მეტი გაზი, ჩვენთან დატოვებულ მეტ გაზს ნიშნავს. დაგეგმილია, რომ 30 მლრდ კბ/მეტრამდე გაიზარდოს გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა და მისი 5%, რომელიც საქართველოში დარჩება, 1500 მლრდ-ია, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირია და ჩვენ შეგვეძლება, რომ სოციალური გაზის საშუალებით გამოვიმუშაოთ ელექტროენერგია, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმპორტის ჩანაცვლება.
არის მეორე ვარიანტიც, შავი ზღვის კაბელის ამუშავების შემდეგ, ევროპას მხოლოდ და მხოლოდ განახლებადი ენერგიებით გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა მიეწოდოს. საშუალება გვექნება, რომ ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებელი ენერგიის რაღაც ოდენობა ევროპაში გავიტანოთ და გავყიდოთ, ხოლო მისი რაოდენობა ჩავანაცლოთ იმ თბოსადგურით, რომელზეც საუბარია.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და იმედია, პროცესები სწრაფად დაიწყება და დასრულდება. ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკისათვის დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სოციალური გაზის მომარაგების სერიოზული პერსპექტივა გაჩნდა”, - განუცხადა გია არაბიძემ "რეზონანსს”.
საქართველომ ბოლო დროს ელექტროენერგიის იმპორტი შეამცირა, ექსპორტი კი გაზარდა, ახალი თბოსადგურის გაშვება ენერგეტიკას ამ მოცემულობის გაუმჯობესებაში უფრო დაეხმარება. დარგი ეტაპობრივად შეეცდება თვითუზრუნველყოფას და ამავე დროს ექსპორტის მოცულობის ზრდას.
ძველი სიმძლავრეების ჩანაცვლებაზე საუბრობს კიდევ ერთი ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილიც და ადასტურებს, რომ ეფექტურობა უფრო მეტი იქნება.
"წესით, ახალმა სიმძლავრეებლმა უნდა ჩაანაცვლოს ის ბლოკები, რომლებიც ექსპლუატაციიდან უნდა გამოვიდნენ, ესენი არის ძველი მე-3 და მე-4 აგრეგატები. ისინი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაშია და მათი გამოყვანა საჭიროა, რადგან ძალიან ძველია და არაეფექტურია. უკვე მე-9 ბლოკიც მოძველებულია. ამიტომ ახალი სადგური კარგია და მისი ეფექტურობა უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად გაგვიზრდის საექსპორტო პოტენციალს. რას ჩაანაცვლებს გარდაბანი-3, იმის მიხედვით გვეცოდინება საბოლოო შედეგი”, - განუცხადა მარგველაშვილმა "რეზონანსს”.
დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად, აუქციონი, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე, უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროცესს, სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით, კორპორაცია უხელმძღვანელებს.
წყარო: resonancedaily.com