"ჩვენი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები იძლევა იმის საშუალებას, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან  ეტაპობრივად გამოსვლა გავაგრძელოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილმა "ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება  რამდენიმე სხდომის წინ დაიწყო, ამიტომ მოსალოდნელია, რომ თუ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა და არსებული დინამიკა შენარჩუნდა, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის, ეტაპობრივ,  ნაბიჯ-ნაბიჯ შერბილებას წლის განმავლობაშიც გააგრძელებს.

"მოლოდინია, რომ ინფლაცია  წლის განმავლობაში 1%-ის ფარგლებში იქნება და მომავალი წელს დაახლოებით 3%-ის გარშემო. ეს არის მთლიანი ინფლაცია. გარდა ამისა, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა მოსდის ადგილობრივი პროდუქციის ფასებს, რა არის მათი მამოძრავებელი.  ჩვენ უფრო ნელი ტემპით ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას, ვიდრე სხვა შემთხვევაში შევარბილებდით, გამომდინარე მთლიანი ინფლაციიისა.

ამის მიზეზი იყო ის, რომ ადგილობრივ პროდუქციაზე ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და ველოდებოდით, რომ მკვეთრად გამოხატული შემცირების ტრენდი ყოფილიყო. ეს მოსალოდნელი იყო, არის და იქნება. ადგილობრივ პროდუქციაზეც ნელდება ინფლაციის მაჩვენებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია იაფდება, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპი ნელდება.“- აცხადებს მესტვირიშვილი.

მისივე განმარტებით, ინფლაციის მთავარი წყარო საგარეო ფაქტორები იყო, თუმცაღა ამ მხრივ, იქაც გაუმჯობესების ტენდენცია მიმდინარეობს და გლობალურ ბაზრებზე კვების პროდუქტების ფასი 2021 წლის მაჩვენებლებს ჩამოსცდა. თუმცა, ამ შემთხვევაში გამონაკლისია ნავთობი, სადაც ზრდის ტემპი ფიქსირდება.

ამასთან გასათვალისწინებელია გლობალური ტრანსპორტის საკითხი, რომელზეც პანდემიის პერიოდში მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა, მაგრამ ამ დროისათვის კვლავ პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელზეც ფასების ცვლილება სწრაფად აისახება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, ქვეყანას საშუალება აქვს, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკა შეამციროს. როგორც მესტვირიშვილი აცხადებს, მათი ნაბიჯები ამ მიმართულებით არის ფრთხილი.

მისივე ცნობით, ქვეყანაში 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7.2%-ია, რაც მისივე შეფასებით, ქვეყნის პოტენციურ დონეზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს 5%-იანი ზრდის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, მოცემულობიდან გამომდინარე, ახლა მათი მოლოდინი 6%-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი, დღეს ფედერალური სარეზერვო საბჭოს (fed) გადაწყვეტილებას ელოდება, მაგრამ ფედერალური სარეზერვო საბჭოს განცხადებების საფუძველზე, მესტვირიშვილი ვარაუდობს, რომ  ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის ზრდა არ მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. 

business-partner.ge