თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ლარის მცირედით გამყარებას იმ გარემოებით ხსნის, რომ სენტიმენტებს და დოლარის მაღალ განაკვეთებს ვალუტის დიდი მოცულობით შემოდინებები აბალანსებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ლარი მცირედით გამყარდა. რა შეიძლება ითქვას დამატებით ჩვენს 6 ნოემბრის შეფასებასთან დაკავშირებით? როგორც ჩანს ამ ეტაპზე არაფერი მნიშვნელოვანი. ამასთან, უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, რომ დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის მხრივ, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტად ზრდა იკვეთება. ჩვენს მკითხველს შევახსენებთ თიბისი კაპიტალის ადრინდელ შეფასებას, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების სეზონურობა არსებობს, თუმცა თუკი ბაზრის მონაწილეები ლარის კურსის სეზონურობას მოელიან, ამ ტენდეციას ადგილი აღარ ექნება. როგორ უნდა მივხვდეთ აქვს თუ არა მსგავს მოლოდინებს ადგილი? სესხების და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის გარდა, რაზედაც, თავისთავად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ყველაზე მარტივი გზა მათი განწყობებია, ვინც სავალუტო ბაზარზე მეტ-ნაკლებად აქტიურია. საკუთრივ, თუ ბევრი ფიქრობს, რომ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი ექნება, ეს ხშირად, თუ ყოველთვის არა, სწორედ საპირისპიროზე მიუთითებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. არჩევნების შემდგომ, და ზოგადად, გაუფასურებისა და გამყარების მოლოდინებთან დაკავშირებით.

თავისთავად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ასევე, ძირითადად აშშ დოლარის მაღალი საერთაშორისო განაკვეთების გამო, ბოლო პერიოდში იკვეთება ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის შემცირება. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრისა და მით უმეტეს ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, რომ ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სების ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ჩვენი შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის“, – ნათქვამია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.