ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის " გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

სგპ ,,სარფში" თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 50 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო ,,ფოთის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში,  საერთაშორისო გადაზიდვების კონტეინერში განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, საქართველოს მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში გამოვლენილი იქნა - 422 საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 848 მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი.

გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.