შრომისა და დასაქმების სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, შემუშავდება და დამტკიცდება შრომისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგია, - ამის შესახებ მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკითა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/განხორციელებით.

„გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება, რომლის ფარგლებში, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, კონსულტანტებისა და სპეციალისტების კვალიფიკაცია, დაიხვეწება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და გაძლიერდება სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა. გაგრძელდება შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება.

მთავრობა გააგრძელებს საერთაშორისო შრომითი მიგრაციის რეგულირებას და ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

გაგრძელდება სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, შემუშავდება უმუშევრობის მხარდამჭერი სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევა და მისი დანერგვისათვის საჭირო სამოქმედო გეგმა.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდების დასაქმების მხარდამჭერი შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტების განვითარებაზე.

გაგრძელდება სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, მათთვის კონსულტაციის გაწევა, მომსახურებების განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა, მათ შორის, ქალთა დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების განვითარებით. გაგრძელდება სამუშაოს მაძიებელთა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში მომზადება, პროფესიული გადამზადება ან/და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა, მათ შორის, ქალთა მონაწილეობის უპირატესობის გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.