ქვეყანაში არის ინფლაცია და ასე თუ ისე, ყველა პროდუქციაზე ფასი იზრდება. პური არის სენსიტიური თემა, შესაბამისად, ფქვილი და ხორბალი გამოყოფილი თემა და სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვისა და მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრობლემა არის ის, რომ რეალურად, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალსა და ფქვილზე ფასები გაზრდილია. ამასთან, სილაგავამ განმარტა, შესაძლებელია თუ არა ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოხსნა, რასაც მეპურეები მოითხოვენ.

„საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბაროს წისქვილკომბინატებმა. ანუ, 2 დარგს პრობლემა ექნება. შესაბამისად, საჭიროა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, სადაც სამივე დარგის ინტერესი გათვალისწინებული იქნება“,- განაცხადა სილაგავამ.

მისი განმარტებით, ამ გადასახადის შემოღების შემდეგ ქვეყანაში აკუმულირებულია 50 მილიონი ლარი, რაც ადრე არ არსებობდა.

„როდესაც შემოდის ფქვილი, ქატო და ასე შემდეგ, მას ამ გადასახადის შედეგად გარკვეულწილად ბიუჯეტში თანხა შეაქვს.ეს არის 250 ლარი ერთ ტონა ფქვილზე. ამ გადასახადებით 1.5 წლის განმავლობაში დღეს დაგროვილია 50 მლნ ლარი. ეს არის მოსაკრებლის ფული“, - განაცხადა სილაგავამ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ე.წ. სტაბილიზაციის ფონდიდან 50 მლნ-ს გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ პურზე ფასი დასტაბილურდეს. სილაგავამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ დაწესდა ფქვილზე იმპორტზე გადასახადი.

„ეს გადასახადი შემოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხრიდან კონკურენციის პირობები დაირღვა ხორბალზე და მის საპირწონედ შემოვიდა ეს გადასახადი იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო. ამან ბუნებრივად მოიტანა ის, რომ ემუშავა როგორც წისქვილებს, ისე მეხორბლეებს და პურის ქარხნებს. ეს იყო ბაზარზე კონკურენციის სწორი პირობების დაბრუნება, რამაც სამივე დარგის მუშაობა მოიტანა. დღესაც ეს კონკურენციის პირობები შენარჩუნებულია და მუშაობს როგორც ხორბლის წარმოება, ასევე წისქვილკომბინატები და პურის წარმოება. ფასთან მიმართებით გარკვეული გამოწვევებია“, - აღნიშნა სილაგავამ.