გალტ & თაგარტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდით, ინფლაციით, საჯარო ფინანსებითა და მმართველობის ხარისხით უკვე უსწრებს საინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებს, თუმცა მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ამას ჯერ არ ასახავს. საქართველოს ეკონომიკა მათზე თითქმის ოთხჯერ სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია.
საგარეო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში რეიტინგის ზრდას აფერხებდა, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2026 წელს საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა.
S&P-მა და Fitch-მა 2026 წელს საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნეს, პერსპექტივა კი პოზიტიურით შეცვალეს. ვინაიდან, რეიტინგის გაუმჯობესების პირობები უკვე დიდწილად შესრულებულია, გალტ & თაგარტი მოელის, რომ ორივე სააგენტო საქართველოს რეიტინგს 2027 წელს გააუმჯობესებს.
რეიტინგის გაუმჯობესება შეამცირებს დაფინანსების ხარჯებს მთავრობისთვის, ბანკებისა და კომპანიებისთვის და ქართულ ობლიგაციებში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო სწრაფად მიაღწიოს.
სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.













