აშშ-ის არჩევნებთან და ლარი/ევრო/დოლარის მიმართებებთან დაკავშირებით ბაზარზე არსებულ მოლოდინებთან დაკავშირებით TBC Capital პუბლიკაციას აქვეყნებს. TBC Capital-ის თანახმად, ლართან დაკავშირებით მეტწილად ნეიტრალური მოლოდინებია, ხოლო ევროსთან მიმართებით კი მოსალოდნელია ევროს გამყარება საშუალოვადიანი სცენარის განმავლობაში.

"ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებისას, დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის განსაზღვრა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. ამ მხრივ, საქართველოში არჩევანი უმეტესწილად ლარი/ევრო/დოლარით შემოიფარგლება. გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ რეალურად რა ვალუტაშია დენომინირებული კომპანიის აქტივები და შემოსავლები, სხვადასხვა ოპტიმისტური თუ პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში. ასევე, ხშირად უპირველესი ყურადღება ხარჯებს ეთმობა, საკუთრივ კი, საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას. და არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული ვალუტის მის ე.წ. წონასწორულ ნიშნულთან შედარებით გადახრა. მაგალითად, თუ ევრო ზედმეტად გაუფასურებულია, ეს ევროში შედარებით ნაკლები ვალის აღებისა და მეტი ინვესტირების არგუმენტია. ამასთან, თავისთავად, გააჩნია, თუ რა ვადაზეა საუბარი. როგორც თიბისი კაპიტალის მიმდინარე წლის აგვისტოს პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, შედარებით უფრო მოკლევადიანი პერიოდისათვის, ევროს მეტი წილი, შესაძლოა, რაციონალური ყოფილიყო, თუმცა, უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ევროს გამყარება საბაზო სცენარს წარმოადგენდა.

წარსულზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ თიბისი კაპიტალის ეს ჩარჩო საქართველოში პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა. კორპორატიული სექტორის მაგალითზე, წარმოდგენილი მიდგომის გათვალიწინებით, ვალის სავალუტო სტრუქტურაში ლარი/ევრო/დოლარის მხოლოდ ზომიერი ცვლილების შემთხვევაში, დღევანდელთან შედარებით ვალის ოდენობა დაახლოებით 25-35%-ით ნაკლები იქნებოდა. დავაზუსტებთ, არა იმიტომ რომ კომპანიები ნაკლებ ვალს აიღებდნენ, არამედ ეს საკმაოდ მნიშნელოვანი შედეგი სწორედ ლარი/ევრო/დოლარის წონასწორულ ნიშნულებთან შედარებით გადახრის გათვალისწინებით მიიღწეოდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში დაკრედიტება და, შესაბამისად, კომპანიებსა და ზოგადად ეკონომიკაზე დადებითი ეფექტიც მეტი იქნებოდა.

რა შეიცვალა ჩვენს გაანგარიშებებში აშშ დოლარის ბოლოდროინდელი გამყარების შემდეგ? ლარის კუთხით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ევროს გამყარება კვლავ საბაზო სცენარია. უფრო მეტი არგუმენტები პუბლიკაციის სრულ ვერსიაშია წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე საერთაშორისო განვითარების კონტექსტში უზბეკური სომის შეფასების განახლებასაც მოიცავს,"- ნათქვამია პუბლიკაციის აღწერაში.

სრული პუბლიკაცია იხილეთ ბმულზე.