6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 182 210 ტონა ყურძენია გადამუშავებული, რომლის 99% — 180 560 ტონა — მაღალი და საშუალო ხარისხის ყურძენია. უხარისხო და მკვახე ყურძენზე მთლიანი მოცულობის დაახლოებით 1% მოდის.
გადამუშავებულ მოსავალში 92,1 ათასი ტონა საფერავია, 77,4 ათას ტონამდე — რქაწითელი, ხოლო დარჩენილი მოცულობა სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე მოდის.
კახეთში მოსავალი დაახლოებით 13 200-მა მევენახემ ჩააბარა. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველი რეგიონში პიკურ ფაზაშია. დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 13-14 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება.
მოსავლის სრულად დაბინავებისა და რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, მოსავალი დააბინაოს. ამ მიზნით, „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ყურძენს დადგენილი პირობებით იღებს.
საფერავის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კილოგრამის ფასი 1,50 ლარია. 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას 50 თეთრს შეადგენს.
რქაწითელისა და სხვა საღვინე ყურძნისთვის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 19%-ია, ფასი 1,30 ლარია. 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის ყურძენი 90 თეთრად, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში — 50 თეთრად ბარდება.
ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზებზე — 1501 და 032 2 19 37 18.













