2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 326.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.3 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 21.0 პროცენტით შემცირდა და 605.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (132.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (82.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (56.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 83.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 39.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.