საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია OnePrice, რომელიც უკრაინის ბაზარზე 2018 წელს, ხოლო საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდა, ქვეყნის მასშტაბით 16 ფილიალს, მათ შორის 13-ს თბილისში, თითო-თითოს კი რუსთავში, გორსა და ქუთაისში ფლობს.

როგორც OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი, ლევან პაიკიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კომპანიის პოზიციონირება სამართლიანი ფასების კონცეფციას ეფუძნება, რაც ლოიალური მომხმარებლების მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ლევან პაიკიძე განმარტავს, რომ OnePrice-ის მომხმარებლებისთვის აქციებისა და ბენეფიტების შეთავაზებისთვის ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რის გამოც ქსელი “საქართველოს ბანკთან” უკვე 1.5 წელია აქტიურად თანამშრომლობს.

“მივყვებით გლობალური ბაზრის ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს კარგი ხარისხის პროდუქცია, ყველაზე დაბალ ფასად მივაწოდოთ. ჩვენი ფასების პოზიციონირება ეფუძნება სამართლიანი ფასების კონცეფციას. გარდა ამისა, ჩვენი ქსელი მომხმარებელს სისტემატურად სთავაზობს ფასდაკლებებს, გათამაშებებს, რაც ჩვენს მომხმარებელს ახალისებს. ჩავუშვით ლოიალობის პროგრამაც, რათა უკეთ გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილები და დამატებით ბენეფიტები შევთავაზოთ.

ამ ყველაფრის განსახორციელებლად ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. “საქართველოს ბანკის” აქტიური მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილება შევუქმნათ და ერთ სივრცეში, კონკურენტულ ფასად, ის პროდუქტები მივაწოდოთ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ”, - ამბობს ლევან პაიკიძე.

OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის განვითარებაში “საქართველოს ბანკის” ინვესტიციის მოცულობა $2 მილიონს აღწევს, რასაც კომპანია ქსელის განვითარებას ახმარს.

“1.5 წელია, რაც “საქართველოს ბანკთან” აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია $2 მილიონზე მეტია, აღნიშნული თანხა კი საბრუნავი კაპიტალის შევსებას მოხმარდა. ბანკის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პროდუქციის 50% სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული და სწორედ ეს გვაძლევს ფართო ასორტიმენტის ქონის შესაძლებლობას, რაც ასე იზიდავს ჩვენს მომხმარებლებს”, - აღნიშნავს OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი.

კომპანია მომდევნო თვეების განმავლობაში სამი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. 2024 წლის გეგმებს შორის კი, “საქართველოს ბანკის” ხელშეწყობით, ქვეყნის მასშტაბით არსებული მაღაზიების რაოდენობის 50-მდე გაზრდაა.

“უახლოეს 2 თვეში სამი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, One Price-ის გახსნა იგეგმება ბათუმშიც. სამომავლო გეგმები ძალიან დიდია, ხოლო განვითარების პერსპექტივა - უზარმაზარი.

უპირველეს ყოვლისა, ქსელის ქვეყნის მასშტაბით განვითარება გვსურს. გვინდა, რომ 2024 წლის ბოლომდე საქართველოში 50 ფილიალით ვიყოთ წარმოდგენილები. ასევე, E- Commerce მიმართულების განვითარებას და საკუთარი ინტერნეტმაღაზიის შექმნას ვგეგმავთ. მიზანია, რომ საკვები პროდუქტების კატეგორიაში ე.წ. hard discounter-ები ვიყოთ”, - განმარტავს ლევან პაიკიძე.

“საქართველოს ბანკი”, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, პარტნიორი ბიზნესების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბანკის პორტფელში საცალო ბიზნესის წილი მნიშვნელოვანი და მზარდია, საქართველოს ბანკი კი ამ ტენდენციის შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს.

კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ირაკლი კიკალიშვილი აღნიშნავს, რომ “საქართველოს ბანკი” ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, რასაც კომპანია OnePrice Georgia-ს განვითარების გზაც ადასტურებს.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, მხარში დავუდგეთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების განვითარებაში, გავაძლიეროთ და დავეხმაროთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში. “საქართველოს ბანკისათვის” კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს არა მხოლოდ ფინანსური რესურსით ვეხმარებით, არამედ ვთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებსა და რეკომენდაციებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. ამის დასტურია, კომპანია OnePrice, რომლის განვითარებასაც წლიდან წლამდე ვხედავთ. ის ბაზარზე 1.5 წლის წინ შემოვიდა და დღეს უკვე 16 ფილიალს ფლობს, 2024 წლის ბოლომდე კი 50 -მდე მაღაზიის გახსნა სურს საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან ამბიციური გეგმაა. გვიხარია, რომ ვხედავთ კომპანიის ასეთი ტემპით გაძლიერებას”, - ამბობს ირაკლი კიკალიშვილი და დასძენს, რომ ბანკისათვის კერძო სექტორის განვითარება 2024 წელსაც უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

OnePrice-ის ფილიალები ერთ სივრცეში 15 000-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს, როგორებიცაა: საყოფაცხოვრებო ნივთები, თავის მოვლის საშუალებები, სათამაშოები, სამზარეულოსა და აბაზანის ნივთები, აქსესუარები, ტექსტილი, ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სარემონტო ხელსაწყოები და სხვ.