„რაც არ უნდა ყველა სადაზღვევო კომპანიამ შეთანხმებულად ვიმოძრაოთ, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე სადაზღვევო ინდუსტრია ვერ გაიზრდება“,- ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ინდუსტრია მზადაა ნებისმიერი აქტივობისთვის, კამპანიისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის, მაგრამ ეს სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„ყოველწლიურად 10%-15%-ით შეიძლება გაიზარდოს ინდუსტრია ფასების გაძვირების, ინფლაციის ხარჯზე ან ახალი ინვესტორი შემოვიდეს, მაგრამ ინდივიდუალური დაზღვევა და ისეთი შინაარსის პროდუქტები, როგორებიცაა ავტოკასკო, ქონების დაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა ინდივიდუალურად - აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფოს ჩართულობას. ამის გარეშე, სამწუხაროდ, არაფერი გამოვა“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

 
    











 
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
                 
         
         
         
        