საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კონცენტრაცია გამოვლინდა, რომელიც სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. საკითხი ეხება - ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, სს „ქართული ლუდის კომპანიას“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის  შესაბამის ეკონომიკურ აგენტს  ჯარიმა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, კონცენტრაციის მონაწილე ერთი მხარე ოპერირებს ალკოჰოლური და უალკოლო სასლემელების წარმოებისა და იმპორტის, ხოლო მეორე - დისტრიბუციის ბაზარზე.

სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა - 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი - 2 590. რაც შეეხება ლუდის ბაზარს ამავე წელს - ბაზარზე მოქმედებდა - 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა -  90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსი - 1888.

სააგენტოს შეფასებით, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2250). ლუდის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, ხოლო სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარი დაბალკოცენტრირებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.