„ბიზნესები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ამ გამრუდებულ რეალობას, მას შემდეგ, რაც ეს სიმრუდე გასწორდება ქვეყანაში, უნდა დავსაჯოთ,“ - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ დირექტორმა ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დასჯა უნდა იყოს ორიგინალური და მის ფარგლებში ბიზნესს უნდა ვაჩვენოთ, რას ნიშნავს რეალურად იყო თავისუფალი.

„თუ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს იმის სურვილი, რომ ილუზიებით იკვებებოდეს და მისთვის სასურველ ბიზნესს ესაუბროს და ეს ილუზიები გაიმყაროს, ეს მისი არჩევანია და ეს არჩევანი არ არის სწორი. თუ ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, თვლიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი მართლაც ნორმალურად ვითარდება, ესეც მათი არჩევანია, თუმცა ამ არჩევანში მე თანავუგრძნობ.

მთავარი არის ის, რომ ის ბიზნესები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ ამ გამრუდებულ რეალობას, მას შემდეგ, რაც ეს სიმრუდე გასწორდება ქვეყანაში, უნდა დავსაჯოთ და ეს დასჯა უნდა იყოს ორიგინალური - უნდა ვაგრძნობინოთ, რა არის სინამდვილეში თავისუფალი ბიზნესი. ამით ჩვენ უნდა დავიცვათ მათი რეალური უფლება საკუთრებაზე, ბიზნეს-ინიციატივაზე, ხელშეუხებლობა ინვესტიციებზე და ა.შ.

ამასთან, ნებისმიერ მათგანს, რომელიც დღეს მხარს უჭერს ამ გამრუდებულ რეალობას, უნდა დავანახოთ, რომ გვჭირდება პატრიოტული და სწორი ფასეულობებით ბიზნესი, რაც დღეს არ გვაქვს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.