8 სექტემბერს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ პაშინიანმა პრემიერის რანგში პირველად გამართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც პირველ რიგში სომხეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ქვეყნის გაზით მომარაგებას ეხებოდა.

როგორც პაშინიანმა განმარტა, სომხეთისთვის "ლურჯი სითხის" დაბალი ღირებულება ვლადიმერ პუტინის პირადი დაკვეთაა. პუტინის გაოცება გამოიწვია მისმა გიუმრში სტუმრობამ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის სამწუხარო სიტუაციას გაეცნო. საქმე იმაშია, რომ სომხეთში დაბალ ფასად შესული ბუნებრივი აირი ადგილობრივ მოსახლეობას ორჯერ ძვირ ფასად მიეწოდება.

"ჩემი ეს ინფორმაცია პუტინისათვის ახალი ამბავი აღმოჩნდა", - აღნიშნავს სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი.

აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, შეეძლო "გაზპრომ სომხეთს" დაერღვია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება გაზის ტარიფთან დაკავშირებით და თვითნებურად მოექცეულიყო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა მიზანს ემსახურება ეს მაშინ.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მერკანტილისტურ საქციელად მოინათლოს უფრო მეტი შემოსავლების მიღების მიზნით. ერთის მხრივ, ცნობილია რომ სწორედ ფასების ზრდამ გამოიყვანა სომხეთის მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში გადაიზარდა. ამ ფაქტით სათანადოდ ვერ ისარგებლა ოპოზიციამ, თუმცა პროცესები მაინც რევოლუციური გზით განვითარდა და ხელისუფლება შეიცვალა.

გამოცემა Politobzor-ი აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული პუტინისთვის "გაზპრომის" ფინანსური მაქინაციები არ იყოს ცნობილი, თუმცა ისიც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ "გაზპრომი" და მასთან დაკავშრებული სატარიფო პოლიტიკა გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი რუსეთის მხრიდან. კრემლი აქტიურად მონაწილეობს ფასების ფორმირებაში. ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პაშინიანისა და პუტინის მოლაპარაკებები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

უფრო მეტიც, ძნელად წარმოსადგენია, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, კრემლში თავიანთი უმოქმედობის შედეგები ვერ გაეაზრებინათ. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, სწორედ რუსეთი გამოდის სომხეთში რევოლუციის დეტონატორი. რას ემსახურებოდა სომხეთში რუსეთის ხელისუფლების მსგავსი საქციელი სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე - ეს უკვე სხვა საკითხია.

ბაჩანა ჯინჭარაძე

მომზადებულია Politobzor-ის მიხედვით