თამაზ ელიზბარაშვილი მიმართვას ავრცელებს

"ჯილდო 20 000 ლარი მას, ვინც გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეოკადრებს.

ჯილდო დააწესა ჩემმა ორგანიზაციამ საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეთა მხილების მიზნით, რათა ისინი წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

კახეთში ბოლო 2 თვის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური იჭერს ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს, გადაჰყავს გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარში და იქ არსებულ კრემატორიუმში ცოცხლად წვავს.

თუ ეს ეჭვები რეალობაა, ეს არის სასტიკი დანაშაული, დამნაშავეები უნდა იყვნენ მხილებულნი და მკაცრად დასჯილნი.

სწორედ ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნას ემსახურება ჩემი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო.

მივმართავ გურჯაანის თავშესაფრის თანამშრომლებს, ნუ შეგეშინდებათ სავარაუდო დანაშაულის მხილების. თქვენი ანონიმურობა იქნება დაცული და ჯილდო გარანტირებული" - ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.