SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს ExpoGeorgia-ში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF) გაიმართება. ეს არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება, რომელიც წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამითა და მეტი სიახლით ბრუნდება.

TAF 2024-ზე შეკრებილ ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ხელოვანების ნამუშევრები. წელს ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება:

გალერეები

TAF 2024-ზე 30 შერჩეული გალერეა დამთვალიერებელს ხელოვანთა ახალ ნამუშევრებსა და პროექტებს წარუდგენს. მათ შორის იქნებიან როგორც ქართული, ისე უცხოური გალერეები. წლევანდელ ბაზრობაზე უცხოურ გალერეებს შორის არიან:

დანიის გალერეა სენსი — გალერეა წარმოადგენს ცნობილ დანიელ მოდის დიზაინერს, ხელოვანსა და მუსიკოს ჰენრიკ ვიბსკოვს. გამოფენა მოიცავს არტ-ინსტალაციებს, სცენოგრაფიას, კოსტიუმებსა და პერფორმანსებს.
ლონდონის გალერეა LS10 — ნამუშევრები გააერთიანებს სხვადასხვა პროფილის მქონე ირანელ ხელოვანებს:

ალიჰან აბდოლაჰი (ქაღალდის სკულპტურა), აზადეჰ მადანი (მელანი, ქაღალდი), მოჰსენ ბაირამნეჯადი, იალალ სეფერი (ფოტო) და სხვა.

ლიეტუვის Rooster Gallery — წარმოდგენილი იქნებიან ლიეტუვის გამორჩეული თანამედროვე მხატვრები: ვიტა ოპოლსკიტე, ეგლე კარპავიჩუტე და იონას მესკაუსკასი.

ბაქოს Q Gallery — წარმოადგენს აზერბაიჯანელი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას, სახელად Absheron Dachas — აფშერონის ნახევარკუნძული, რომელიც კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც წლების განმავლობაში არაერთი პოეტი, ავანგარდისტი ხელოვანი, მეწარმე თუ რევოლუციონერი დასახლდა.

TAF-ის საგალერეო სივრცე ქართულ გალერეების დაეთმობა, სადაც არაერთი ახალი თუ კარგად ნაცნობი ხელოვანის ნამუშევრები იქნება გამოფენილი. ბაზრობაზე მონაწილე ქართული გალერეებისა და მათ მიერ წარმოდგენილი ხელოვანების მოკლე სია ასეთია:

  • LC Queisser —ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი და ელენე ჩანტლაძე;
  • Window Project — თამარა კ.ე., ანი თოიძე, ნინა სხირელი;
  • E.A.Shared Space — თორნიკე ჩაფოძე და მარიანა ჭყონია;
  • Vanda — ალიმ რიჯინაშვილი;
  • Ria Keburia Foundation — ელენე მეტრეველი;
  • Kera — თედო რეხვიაშვილი და გალიბ გასანოვი.

ფოტოგრაფია

წლევანდელი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის მნიშვნელოვანი მიმართულება ფოტოგრაფიაა. ამ მიმართულებით წარმოდგენილი გალერეებიდან უნდა აღინიშნოს:

ბარსელონას Valid Foto - წარმოდგენილი იქნება მიქაელ სირილას, სავიერ მანრიკასა და გიორგი შენგელიას ფირის ფოტოგრაფიით;

ცნობილი ფოტოგალერეა Blanca Berlin კი ესპანელი ფოტოგრაფის, იზაბელ მუნიოზის, ე.წ. platinotype პლატინა პრინტებს, ბადრი ლომსიანიძის ინსტალაციებს და მეგი ტეილორის, ხოსე მარია დე ობმასტერსის, რამონ მასასის თუ სხვა ესპანელი ოსტატების ნამუშევრებს უმასპინძლებს.

დიდი ხანია, TAF-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო ქალი ხელოვანების შემოქმედებაა და გამონაკლისი არც წლევანდელი ბაზრობა იქნება. International Women in Photo Award-თან პარტნიორობით, წელს ფოტოკონკურსი ჩატარდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელ ქალ ფოტოგრაფებზე ფოკუსირდებოდა. გამარჯვებული 16 მარტს გამოვლინდა და მის ნამუშევრებს TAF-ზე იხილავთ.

ინდივიდუალური და ჯგუფური გამოფენები

ბაზრობაზე წარმოდგენილი გალერეების გარდა, სახელოსნო Hive-ის საგამოფენო სივრცე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 40-მდე შერჩეულ ხელოვანს დაეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ გამორჩეული ხელოვანის, ულა როზენ ვინდბლად ჩალიოლის, ნამუშევრების მსოფლიო პრემიერა საქართველოში სწორედ TAF-ზე გაიმართება. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც მითოლოგიურ მოტივებსა და მისტიკურ პეიზაჟებს აერთიანებს.

რაც შეეხება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებს, ჯგუფური გამოფენა, სახელად New Beginnings, VA[A[DS-ის სტუდენტებისა და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრებს წარმოადგენს. ნამუშევრები იმ სერიების ნაწილია, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სახელოვნებო განათლების ახალი ფორმების შედეგებზე გვიამბობენ.

თანამედროვე ხელოვნების აქტუალური თემების შესახებ არტისტები, კურატორები და გალერისტები ვორქშოპებს ჩაატარებენ.

TAF-ში მონაწილე გალერეებისა და ხელოვანების სრული სიის სანახავად, ასევე, ღონისძიების პროგრამის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს.